მამაკაცი, რომელიც ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავის გატაცებაშია ეჭვმიტანილი, ამბობს, რომ მისი მიზანი ცოლისა და შვილების ნახვა იყო – ამის შესახებ independent-ი წერს.
59 წლის სეიფ ელ დინ მუსტაფამ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მას ოჯახი 24 წლის განმავლობაში არ უნახავს. როგორც ცნობილია, მისი ოჯახი სწორედ კვიპროსში ცხოვრობს, სადაც მან თვითმფრინავი გაიტაცა.
„როდესაც ვინმეს ოჯახი 24 წელია არ უნახავს და უნდა რომ თავისი ცოლი და შვილები ნახოს, ეგვიპტის მთავრობა კი მას ამის უფლებას არ აძლევს, რა უნდა ქნას?“ – განაცხადა გამტაცებელმა.
დამნაშავემ ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრს სთხოვა, რომ მისთვის თავიანთი პასპორტები მიეცათ. შემდეგ კი ეკიპაჟის წევრებს უთხრა, პილოტისთვის ეცნობებინა, რომ ის იყო თვითმფრინავის გამტაცებელი და უნდოდა, რომ ის თურქეთში, საბერძნეთში ან კვიპროსში დაესვა. მაგრამ ამ ვარიანტებიდან უფრო სასურველი კვიპროსი იყო“ – განაცხადა გამომძიებელმა.
მისი თქმით, გამტაცებელი ამბობდა, რომ თუ თვითმფრინავი კვლავ ეგვიპტეში დაჯდებოდა, ის მას ააფეთქებდა. მოგვიანებით, მუსტაფამ დაწერა წერილი, კვიპროსელი ქალის სახელზე, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ყოფილი ცოლი იყო. წერილში ის ითხოვდა, რომ გაეთავისუფლებინათ ეგვიპტეში დაკავებული 63 ქალი.
ცნობისთვის, გუშინ მამაკაცმა ეგვიპტური ავიაკომპანიის ერთ-ერთი თვითმფრინავი გაიტაცა, რომელიც შიდა რეისებს ასრულებდა. ის თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში თუ მას კვლავ ეგვიპტეში დასვამდნენ. მან მოგვიანებით მგზავრები გაათავისუფლა და მხოლოდ ეკიპაჟის წევრები დაიტოვა. შემთხვევამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა და ის დააკავეს.