ყატარის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაა. – ეს განცხადება ყატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ალ თანსმა გააკეთა, რომელსაც ყატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შეხვდა.
ყატარის მინისტრის განცხადებით, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ბიზნესსექტორის ჩართულობის გააქტიურებას, ასევე, სავაჭრო მიმართულებით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ოთარ დანელიამ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თბილისში ბიზნესფორუმის გამართვისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ყატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ესწრებოდნენ.