„მაგთიკომი“ და „კავკასუს ონლაინი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეწყვეტილი მოლაპარაკება„მაგთიკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის მიმდინარე წლის მარტის თვეში კვლავ განახლდა და მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც საფუძვლად დაედება საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას.
„დღეს, „მაგთიკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს „მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას.
მოგეხსენებათ, 2015 წლის 11 აგვისტოს, „მაგთიკომმა“ და „კავკასუს ონლაინმა“ ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგთიკომის მხრიდან “კავკასუს ონლაინის“ აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისაგან შესაბამისი წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე. აქტივების გადმოცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვე. მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს „მაგთიკომი“, გადმორთვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში”, – ნათქვამია განცხადებაში.