“ბიძინა ივანიშვილი – ქართველი მილიარდერი და “მეთოჯინე” ფსონს მოსკოვზე დებს”,- ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გამოცემის Guardian-ის დღევანდელ სტატიას, რომელიც ქვეყანაში “უცხოური გავლენის” კანონის გამო არეულობას მოჰყვა. ბრიტანული გამოცემის სტატია ქართველი ოლიგარქის ბიოგრაფიის ანალიზით ცდილობს დაადგინოს, თუ რის გამო ცდილობს ივანიშვილი და მისი პარტია ამ საკამათო კანონპროექტის დამტკიცებას.
“ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ათწლეული თავისი შუშის ციხესიმაგრიდან თბილისის უძველესი სახურავების ყურებაში გაატარა“, – ასე იწყებს Guardian-ი თავის ანალიზს.
“2012-2013 წლებში პრემიერის პოსტზე მუშაობის შემდეგ, იდუმალი ოლიგარქი თავის გავლენას უმეტესწილად კულისებიდან ავრცელებდა, თუმცა სულ ახლახან ივანიშვილმა საჯაროდ გამოსვლა გადაწყვიტა.
“ივანიშვილი მთავრობის ორგანიზებულ “უცხოური გავლენის” კანონის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა. მისი გამოსვლა ანტიდასავლური განწყობებითა და შეთქმულების თეორიებით იყო გაჟღენთილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დააშორა ივანიშვილის ხელმძღვანელობამ პატარა კავკასიური ქვეყანა დასავლეთს”, – წერს ბრიტანული გამოცემა.
Guardian-ი ამის შემდეგ რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირს განიხილავს:
“ოპოზიციური პარტიები უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთში 90-იან წლებში გამდიდრებულ ოლიგარქს მოსკოვისადმი ლოიალობაში ადანაშაულებენ. იმ მოსკოვის, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს მბრძანებელი იყო და სამხრეთ კავკასიას დღემდე თავის უკანა ეზოდ აღიქვამს”.
გამოცემას ივანიშვილის ბიოგრაფიიდან გარკვეული ეპიზოდებიც აქვს მოყვანილი, მაგალითად ის, თუ როგორ წავიდა ის 80-იან წლებში მოსკოვში სასწავლებლად და როგორ დაიწყო კომპიუტერების ბიზნესი რუსეთში:
“მისი ქონება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც აღემატება, თუმცა მისი შემოსავლის მრავალი წყარო დღემდე ბუნდოვანი რჩება.”
“საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან სოლოლაკში სასახლე აიშენა და ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონება შეიძინა. წლების განმავლობაში ანონიმურად ცხოვრების შემდეგ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, დააარსა პარტია “ქართული ოცნება” და ამტკიცებდა, რომ იმჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები ყელში ჰქონდა ამოსული.”
- Guardian-ს ისიც აქვს აღნიშნული, თუ როგორ აღაშფოთა ივანიშვილმა გარემოს დამცველები, როცა თავის დენდროლოგიურ პარკში ხეების ტრანსპორტირება დაიწყო.
“ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველების უმეტესობისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტი აღმოჩნდა. ქართველი ხალხისა და დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ეს კანონი კრემლისგანაა ინსპირირებული და თავისუფალი მედიის და ოპოზიციის ხმების ჩასახშობადაა განკუთვნილი.
გამოცემის სტატიას თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ახლავს, რომელშიც ამბობს, რომ ივანიშვილს “რუსული კანონის” მიღება ოქტომბრის არჩევნებამდე თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად სურს.
Guardian-ი ანალიზს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით ასრულებს, რომლის თქმითაც, საქართველოს პოლიტიკური ვენდეტების გრძელი ისტორია აქვს და ხელისუფლებაში ახლად მოსული მმართველები, თავის წინამორბედებს სჯიან, “რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინასთვის ხელისუფლებაში დარჩენა თავის გადარჩენას ნიშნავს”, – დასძენს გამოცემა.