ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა”– ბოკუჩავა კობახიძის განცხადებაზე

ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ ევროკომისარი დაემუქრა, “აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას” უწოდებს.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, ივანიშვილს და მის გარემოცვას მოახლოებული სანქციების ეშინიათ და მსგავს განცხადებებს სწორედ ეს შიში განაპირობებს.

“ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ევროკომისარი დაემუქრა. კობახიძის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაც გაუხსენა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

იტვირთბა....