ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანტირუსული აქციების მონაწილე გიორგი შანიძე დააკავეს- პოლიცია მას ღამით სახლთან დახვდა

გუშინ ღამით დააკავეს ანტირუსული აქციების მონაწილე, გიორგი შანიძე. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შანიძეს, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებიან.

რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკისთვის აუცილებელი სპეციალური ორდერი არ წარუდგენიათ.

“გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, გვითხრეს, რომ ატარებენ ჩხრეკას, დაურეკეს სადღაც პირველი საათისთვის დედას და მამას. ესწრებიან ამ ჩხრეკას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები თუ მერიის თანამშრომლები ვერ გავიგეთ და შეიკეტნენ, რომ ვთხოვეთ, წარმოედგინათ ჩხრეკის ორდერი, გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რომ დამთავრდება ეს ყველაფერი, მერე გვაჩვენებენ ჩხრეკის ორდერს, არ ვიცით შიგნით ვინ არიან, არ ვიცით რა სამუშაოები ტარდება”, – ამბობს ზვიად ახლოური, გიორგი შანიძის ნათესავი.

შანიძის მამა ამბობს, რომ მას და მის ცოლს სახლში შესვლაზე უარი უთხრეს. სამართალდამცავებმა ოჯახს უპასუხსეს, რომ ჩხრეკას მერიის თანამშრომელი ესწრებოდა.

“დამხვდა ბინა ჩაკეტილი, შიგნით უამრავი ადამიანი, ჩემ მოთხოვნაზე, ჩემი და მეუღლის მოთხოვნაზე შიგნით შესვლაზე უარს გვეუბნებიან, არანაირ საბუთს არ გვაჩვენებენ. [სანდო პირი, ვინც ჩხრეკას დაადასტურებს] არავინ არ არის, ჩვენი ოჯახიდან საერთოდ კაციშვილი არ არის, ვიღაც მერიიდან მოუყვანიათ, მერიის თანამშრომელი ესწრებაო, ასე გვიპასუხეს, თხოვნაზე, ბინაში შესვლაზე უარი გვითხრეს, მეც და ჩემ მეუღლესაც”, – მაბობს თამაზ შანიძე, გიორგი შანიძის მამა.

ცნობისთვის, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამ ადამიანს – ენმი-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაშა ღვინიანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ძმას, გია ჯაფარიძეს. უცნობია მომხდარზე დაიწყო თუ არა გამოძიება.

იტვირთბა....