ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რჩევა – ფრთხილად, ონლაინ სესხის აღების დროს: აუცილებელი საკანონმდებლო რეგულაციები

 

„ერთმა ჩემმა ახლობელმა ონლაინ სესხზე განაცხადი გააკეთა. არანაირი „სმს“ არ მოსვლია: არც დასტური, არც- უარი. რამდენიმე დღე  ანგარიშზეც არ  დაერიცხა თანხა. ბანკში განუცხადეს, რომ ალბათ არ დაგიმტკიცესო. 2 თვის შემდეგ მოუვიდა „სმს“, რომ პროცენტი 80 ლარი ჰქონდა გადასახდელი. იმის მიუხედავად, რომ თანხა არ გამოუტანია, მაინც გადაახდევინეს პროცენტი… ამდენის მტკიცებას ჯობია პარლამენტარებს კანონს მოწესრიგება მოვთხოვოთ“ – წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

ნინო მიქაუტაძე, დაზარალებული: „ჩემი მეგობრისთვის „ვივუსში“ გავაკეთე 650-ლარიანი სესხი. ამ კომპანიასთან შეხება მანამდეც მქონია, ამიტომ მომიხდა დადებითი პასუხი. მოხდა ისე, რომ ამ პიროვნებამ ვერ გადაიხადა ეს თანხა, რის გამოც მომიხდა გადავადება. შემდეგ ხელფასზე შარშან პირველ აპრილს დავფარე ძირითადი თანხა, დამრჩა მხოლოდ 91 ლარი, რომლის გადავადება ვითხოვე და ამაში დამატებით 15 ლარი გადავიხადე. გადავადება გავაკეთე პირველ მაისამდე და ამ დროს ჩვეულებრივ გადავიხადე ეს თანხა. ვიფიქრე, რომ პრობლემა მოგვარდა. ეს ბოლო თანხა, რომ ჩავრიცხე ტელეფონზე შეტყობინება არ მომსვლია, რომ სესხი დაიფარა. მივედი „ვივუსში“, სადაც მითხრეს, რომ შეტყობინება ვერ მოგივიდოდა, რადგან ხელახალი სესხია აღებული, 550 ლარის ოდენობითო. აღმოჩნდა, რომ იმ პიროვნებამ, რომელმაც იცოდა „ვივუსის“ ჩემი ანგარიში და კოდი, ჩემივე სახელით გააკეთა ახალი სესხი, ოღონდ საიტზე ჩემი ტელეფონის ნომერი თავისი ტელეფონის ნომრით შეცვალა. შესაბამისად, სმს შეტყობინება, რომ სესხი დავფარე სწორედ მას მიუვიდა. სესხის დამტკიცების შემდეგ ხომ თანხა თქვენს საკრედიტო ბარათზე ირიცხება, მის ხელში როგორ აღმოჩნდა ფული?

აი აქ უკვე სხვადასხვაგვარ ხერხს მიმართავენ თაღლითები იმისთვის, რომ დამტკიცებული სესხი როგორმე ანგარიშიდან მათ ჯიბეში აღმოჩნდეს. ჩემს შემთხვევაში მოხდა ასე: ჩემ მიერ თანხის დაფარვის შესახებ სმს შეტყობინება ტელეფონზე მიიღო მან, მეორე დღესვე, ანუ 2 მაისს დამიკავშირდა და მთხოვა, ბარათზე თანხას გირიცხავ, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება ჩემს მეგობარს და იქნებ მიუტანოო. დამპირდა, შენს ვალსაც მალევე დაგიბრუნებო. სიმ-ბარათზე, მართლაც, დამერიცხა თანხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩემი სახელით „ვივუსში“ დამტკიცებული ახალი სესხი და არა მის მიერ გადმორიცხული. რესპონდენტის განმარტებით, ამ შემთხვევაში პოლიციაც უძლურია, ვინაიდან მას არ აქვს შესაძლებლობა, სამოქალაქო დავაში ჩაერთოს. რაც შეეხება კომპანია „ვივუსს“, კომპანიაში მომხმარებლის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს და განცხადეს, რომ სესხი მასზე იყო და ის უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი. კომპანიამ ვერც ანგარიშის დაბლოკვა მოახდინა და განაცხადა, რომ ეს მათ შესაძლებლობებში არ შედიოდა.“- წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.

ფაქტია, რომ ამგვარი კომპანიების მიმართ მომხმარებელთა მიერ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომატებულია   უკმაყოფილება. ონლაინ სესხების მიერ გაცემული კრედიტების დაურეგულირებელი საპროცენტო განაკვეთი თუ პირობები ამ სისტემაში არსებული ხარვეზის ერთი ნაწილია, მეორე ნაწილი კი გულისხმობს თუ რამდენად დაცულია მომხმარებელი, როცა ონლაინ სესხს იღებს, რაც, როგორც სესხის გამარტივებას, ასევე  მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მარტივად დაუფლების გზასაც შეიძლება ნიშნავდეს.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის  განცხადებამ, რომ საჭიროა ონლაინ სესხებს რეგულაციები დაუწესდეთ, ხმაური და ინტერესი გამოიწვია. თუმცა ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებსა და საკანონდებლო სივრცეში სრული გაურკვევლობაა – ქუმსიშვილის განცხადებამ კონკრეტული შტრიხები ჯერ ვერ შეიძინა. „ვთვლი, რომ ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და მან უნდა გააკეთოს ეს. ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა  ჩემს ხედვებს ემთხვევა“, – მინისტრის ეს სიტყვები ყველასთვის ცნობილი გახდა, თუმცა რას უკავშირდება ეს განცხადება, ჯერ კიდევ გაუგებარია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, ეს ეროვნული ბანკის თემაა და  მინისტრმა, როგორც მთვარობის წარმომადგენელმა, უბრალოდ გამოხატა მხარდაჭერა.

ეროვნულ ბანკში კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათი რეგულირების ქვეშ ონლაინ სესხების კომპანიები არ შედის. საკანონმდებლო სივრციდან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისაუბრებენ ამ თემაზე.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძეც ფიქრობს, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია.

ნოდარ ებანოიძე:  ასეთი კანონპროექტის ინიციატივა არ არსებობს, ყოველ შემთვხევაში, მე ინფორმაცია არ მაქვს.

„მეტრონომი“: რა იგულისხმა ეკონომიკის მინისტრმა, როცა განაცხადა რომ ამ მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს?

-მთავრობაში რა ხდება, არ ვიცი. ეროვნულ ბანკს, როგორც ვიცი, თავისი მოსაზრებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გადაგზავნილი აქვს. შეიძლება ეროვნულ ბანკს ჰქონდეს თავისი მოსაზრებები ამ სესხების რეგულირებასთან დაკავშირებით.

ეს არის საკმაოდ სერიოზული თემა და ამ ინიციატივის მომზადება არ არის იოლი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თქვა მთავრობის წევრმა, რომელსაც შეიძლება ამ კუთხით მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

ჩემთვის სასიამოვნოა ამ საკითხის წამოწევა, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა ინიციატივის სახე აქვს  ამას. – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრის განცხადებამდე ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისგან  საწინააღმდეგო  კამპანია – “არა ონლაინ სესხებს” დაიწყო. კამპანიის წევრებმა შეიმუშავეს პეტიცია, რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, “გაუქმდეს კაბალური პირობების მქონე ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში!”. ასევე, დიდი ხანია, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სთხოვენ ამ პროცესის დარეგულირებას.

საქართველოში ონლაინს სესხების კომპანიები არცთუ დიდი ხნის წინ შემოვიდნენ, სწორედ ამიტომ ბაზარზე მათ კანონი ჯერ არ არეგულირებს. რიგი ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ევროპაში, ბევრ ქვეყანაში სესხის გაცემის პირობები მკაცრად კონტროლდება. ლიტვამ კაბალური პირობების გამო, რამდენიმე ასეთ კომპანიას საქმიანობა აუკრძალა. რიგ ქვეყნებში კი, მათ შორის აშშ-ს რამდენიმე შტატში, ონლაინ სესხების გაცემა საერთოდ აკრძალულია.

რა პრინციპით შეიძლება დარეგულირდეს ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების საქმიანობა, „მეტრონომს“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გივი ადეიშვილი ესაუბრა.

გივი ადეიშვილი: ამ ეტაპამდე ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მათ საქმიანობას განიხილავს. რეგულირება აქამდე არ ხდებოდა იმიტომ, რომ მათი წილი ბაზარზე მცირე იყო. მას შემდეგ რაც ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების რაოდენობამ მოიმატა, ხშირ შემთხვევაში კი გარკვეული პრობლემები წარმოიშვა მომხმარებლებისთვის, მაგალითად, ბევრი ჩივის რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ვერ ეცნობიან სწორად პირობებს და ა.შ. შესაბამისად, მათთან უკმაყოფილება არსებობს. ეს ზოგ შემთხვევაში სწორია, რადგან არის შემთხვევები, როცა კომპანიები ისეთ მომხმარებელზე გასცემენ სესხს, რომელსაც დაბრუნება არ შეუძლია. ჩვენი ორგანიზაცია ემხრობა იმას, რომ ისეთ პირებს არ მიეცეს სესხი, რომელთაც დაბრუნება არ შეუძლიათ. მომხრე ვართ გარკვეულწილად დარეგულირდეს ეს სეგმენტი. მიაწოდონ მაქსიმალური ინფორმაცია ონლაინ სესხების კომპანიებმა მომხმარებელს, თუ რა პირობებით აწვდიან სესხს და ნათელი იყოს ეს პირობები. მითუმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი ხელშეკრულებას არ კითხულობს. შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ეს მომხმარებლის პრობლემაა, მაგრამ რადგან ფინანსური განათლების დონე ქვეყანაში დაბალია, ამისთვის უნდა მოხდეს რეგულირება, რომ მომხმარებლებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ, რას იღებენ და რის სანაცვლოდ. ფინანსური განათლების დონის ამაღლება ზოგადად ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაჭრას. მანამდე რეგულაციაა საჭირო.

„მეტრონომი“: რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში ონლაინ სესხების კომპანიების საქმიანობა აკრძალული?

გივი ადეიშვილი: ეს ქვეყანასა და მის კანონმდებლობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ქვეყანაში აღნიშნული სფერო არ რეგულირდება. თავისუფლად შეუძლიათ ბაზარზე შემოსვლა მსგავს კომპანიებს. რეგულირება კი მაშინ ხდება საჭირო, როცა ბაზარზე ბევრი მომხმარებელი სარგებლობს აღნიშნული სერვისით. თუმცა, ბიზნესის აკრძალვაზე საუბარი არაა, უბრალოდ, სამართლიანი პირობებია შესაქმნელი. ზოგიერთ ქვეყანაში იმიტომ არის აკრძალული, რომ მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევენ და ამავდროულად, ამ სფეროს რეგულირება რთულია.

„მეტრონომთან“ საუბრისას იურისტი ეკონომიკისა და ბანკების საკითხებში, როინ მიგრიაულიც მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხები აუცილებლად უნდა მოექცეს რეგულაციების ქვეშ და ამით საფრთხე აერიდოს მოქალაქეებს. მომხმარებელმაც კარგად უნდა გაიაზრონ რას ეთანხმებიან, როგორც ინტერნეტში, ასევე სხვა საბანკო ხელშეკრულების გაფორმებისას.

ეკონომიკის მინისტრის ხმაურიანი განცხადების შემდეგ,  საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე ბევრ მედია საშუალებასთან საუბრობდა ონლაინ სესხების კომპანიების დამოკიდებულებაზე მინისტრისგან დაანონსებული მოსალოდნელი რეგულაციებისადმი, თუმცა, როცა მას ჩვენ დავუკავშირდით, „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ასოციაციის თავმჯდომარე აღარ არის და ამის მიზეზები ონლაინ სესხების კომპანიებისგან მოგვეძიებინა.

ასოციაციის ერთ-ერთი წევრის, „კრედიტონ.ჯი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ლომაძემ „მეტრონომს“ განუცხადა, რომ დავით კიკვიძე თანამდებობიდან არასაკმარისი კომპეტენციის გამო გაათავისუფლეს.

ალექსანდრე ლომაძე: ასოციაციის რეფორმას აპირებენ თვითონ დამფუძნებლებები და მიმდინარეობს ამ ასოციაციის ჩამოყალიბება სხვა ფორმატით. ასოციაციას თავიდან სხვა მიზნები ჰქონდა და დღეს ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე სხვა მიზნები აქვს.

„მეტრონომი“: უკავშირდება კიკვიძის გადაყენება მინისტრის მიერ დაანონსებულ რეგულაციებს?

-აბსოლუტურად არა, რადგან ბატონი დავითი, პრინციპში, ერთი თვის წინ უკვე გაფრთხილებული იყო, რომ ტოვებდა თანამდებობას. თუ არ ვცდები, ბატონი დავითი წინა წელს სექტემბერში დაინიშნა  და ჰქონდა გამოსაცდელი ვადა. ამ გამოსაცდელ ვადაში ვერ გაართვა თავი თავის მოვალეობას, იმ გეგმებს, რაც ჰქონდა დასახული. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერებაზე და მომავალი თვიდან ოფიციალურად აღარ იქნება ასოციაციის პრეზიდენტი. ბატონ დავითის კომპეტენციის ბრალი არ არის ის, რომ პრეზიდენტი აღარ არის. სხვა გამოწვევები წამოიჭრა, სადაც კიკვიძის გამოცდილება აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს  იურიდიული ასპექტებით გააკეთოს.

-მინისტრის მიერ დაანონსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

– ინფორმაცია ზუსტად იგივე მაქვს, რაც ტელევიზიით გავრცელდა. არავინ შეგვხმიანებია.

– რაც შეეხება თქვენ პირად მოსაზრებას, რა კუთხით შეიძლება დაწესდეს რეგულაცია? საუბარია, რომ მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, საპროცენტო განაკვეთები მაღალია, სესხები ისე გაიცემა, რომ მომხმარებელს მისი დაბრუნება არ შეუძლია  და ა.შ. ?

-გამორიცხულია ეს. არცერთი ინვესტორი არ არის დაინტერესებული იმით, რომ საკუთარი ფული დაკარგოს. შესაბამისად, მაქსიმალურად ფრთხილად ცდილობს დააკრედიტოს ნებისმიერი მომხმარებელი, რომ პრობლემა არ ჰქონდეს დაბრუნებაზე. ასე რომ, აბსურდია რომელიმე კომპანიამ ზერელედ გასცეს კრედიტი. ერთადერთი განსხვავებაა ის, რომ  თუ მოძველებული, ნომენკლატურული ბანკები ფურცლების ბიუროკრატიით არიან დაკავებულნი, იგივეს გაკეთება შეიძლება ინტერნეტით, რაც გაცილებით სწრაფი და კომფორტულია.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფინანსური მომგებიანობის ზედა ზღვარი არ არსებობს. იგივე ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პური გავყიდოთ ორმოცდახუთ თეთრად, იმიტომ, რომ ორმოც თეთრზე მეტი არ ჯდება და რატომ ვყიდით ოთხმოც თეთრად? ანუ სესხების კომპანიების მიმართ არასწორი მიდგომაა, რადგან, სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ექსპერტები ვერ ერკვევიან სავარაუდოდ პროდუქტში და ყველაფერს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში ყრიან, რაც თავიდანვე არასწორია. არ შეიძლება ლიტრი სანტიმეტრებში დავთვალოთ და ა.შ. სხვა კომპანიები არ ვიცი, კონკრეტულად ჩვენი კომპანია საერთაშორისო ჰოლდინგს ეკუთვნის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ამერიკასა და ევროპაში. ისედაც ვრეგულირდებით ჰოლდინგით და ვცდილობთ, რომ კორპორატიული ღირებულებები არ დავარღვიოთ. მომხრე ვარ ნებისმიერი ჯანსაღი რეგულაციის, მითუმეტეს, რომ ამას ისედაც ვიცავთ.

„მეტრონომთან“ საუბრისას ასოციაციის ასევე ერთ-ერთი წევრის, კომპანია „ვივუს.ჯი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, გურამ შეროზიამ განმარტა, რომ

მას, როგორც მარკეტინგის დეპარტამენტს, ინფორმაცია არ აქვს, თუ კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს მინისტრის მიერ დაანონსებული რეგულაცია. თუმცა, როგორც  გურამ შეროზიამ გვითხრა, ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია.

გურამ შეროზია: რეგულაციის პროცესი სტანდარტულად ნიშნავს იმას, რომ შემოწმდეს რამდენად ვიცავთ მომხმარებლის უფლებებს და ა.შ. ამას მივესალმებით, რადგან არაფერს ვარღვევთ, მომხმარებელთა დიდი ნაწილი კმაყოფილია, აქედან გამომდინარე, ამ მხრივ რეგულაციის წინააღმდეგნი არ ვართ. თუმცა რადგან დეტალურად არ ვიცით, დაანონსებული რეგულაცია რას გულისხმობს, უფრო კონკრეტულად  ფიზიკურად ვერ გიპასუხებთ.

„მეტრონომი“: იურისტები საპროცენტო განაკვეთების დარეგულირებასა და მომხმარებლის მეტად დაცვაზე საუბრობენ…

– რაც შეეხება მომხმარებლის დაცულობას, თუ მომხმარებელი თავად არ მისცემს ყველა საკუთარ მონაცემს სხვას, მაქსიმალურად დაცულია. თუ მომხმარებელი საბანკო ბარათს დადებს ქუჩაში და პინ კოდს დააწერს, ეს არც ბანკის ბრალია და არც ონლაინ სესხის კომპანიის.

საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, არ უარვყოფთ, თუმცა, ბაზარზე ონლაინ სესხებს შორის „ვივუს ჯი“-ს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. რაც მთავარია, მოქალაქე ინფორმირებულია აბსოლუტურად ყველაფერზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ „ვივუსთან“ და „კრედიტონ.ჯი“-სთან  მოხერხდა დაკავშირება და პასუხის მიღება. რაც შეეხება  „ნეტ კრედიტს“, მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის  კადრი უცნობია, ასევე არც კომპანიაში დარეკვისას არ ხდება მათთან პირდაპირ გადამისამართება. ხოლო ოპერატორების დაპირება, რომ პიარ-მენეჯერი თავად დარეკავს რედაქციაში, რა თქმა უნდა, დაპირებად დარჩა.

 

მანა ნოდია

იტვირთბა....