ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,ყალბი ტაში, რომელიც ჩაწერილი გქონდათ და დინამიკებიდან ასმენინებდით ხალხს, არის მაგალითი იმისა, როგორი აცდენილი ხართ რეალობას” – გიორგი ვაშაძე ოცნებას

“გუშინ რუსთაველზე ფაქტობრივად ქართველმა ხალხმა ზურგი შეაქცია „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რასაც დარბაზში მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხმაური და ირონიული სიცილი მოჰყვა.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გუშინ აქციაზე ძალით ჩამოყვანილს ადამიანებს, “ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ელიტა ელაპარაკებოდა შეუმდგარი დიქტატორის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით“.

ვაშაძის თქმით, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ გუშინდელი განცხადებებით პირდაპირ არა უთხრა ევროკავშირს და არა უთხრა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

“თქვენ, როგორც უბედურებას და ჭირს ამ ქვეყნისას, მოგიშორებთ”, – უთხრა ვაშაძემ “ოცნებას”.

„ის ყალბი ტაში, რომელიც ჩაწერილი გქონდათ და დინამიკებიდან ასმენინებდით ხალხს, არის იმის მაგალითი, როგორი აცდენილები ხართ რეალობას. ეგ ყიჟინა, ყვირილი, ჟივილი მალე სიმწარედ გექცევათ იმიტომ, რომ ივანიშვილმა გამოგიცხადათ, რომ აბსოლუტურად ყველა უნდა ჩაჰყვეთ მას სამარეში. ერთი რამ იცოდეთ, ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს საქართველოში ავტორიტარიზმის დამკვიდრებას. გუშინ ბიძინა ივანიშვილის, ამ შეუმდგარი კაცის, ამ მშიშარა ადამიანის, მთავარი გზავნილი იყო – არა ევროკავშირს, კი- ბიძინას. ვინც მიყვებით „კი- ბიძინასკენ“ ძალიან კარგად ხედავთ, მაგრამ ქართველი ხალხი ამბობს: კი- ევროკავშირს, კი-საქართველოს განვითარებას, კი- საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში, კი – ჩვენს მეგობრებს ამერიკის და ევროკავშირის სახით და არა- რუსულ კანონს, არა – ბიძინა ივანიშვილს, არა- „ქართულ ოცნებას“, არა -ძალადობას, არა-ძალდატანებას,- ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. დღესავით ნათელია, თქვენ ამ ქვეყანაში მოიტანეთ სიღარიბე, მოიტანეთ გაჭირვება, ემიგრაცია, თქვენი გამდიდრება და ხალხის გაღარიბება და ამას ქართველი ხალხი ვერ შეეგუება. უბრალოდ შეადარეთ, კვირა დღეს – მთელი საქართველო რუსთაველზე, ქართული ეროვნული გენეტიკის ზეიმი, გუშინ – ძალით ჩამოყვანილი ადამიანები, იმიტომ, რომ დააშინეთ ეს ხალხი, რომლებმაც თვითონ თქვენი გამოსვლის დროს შეგაქციათ ზურგი. გაუსწორეთ თვალი რეალობას, თქვენს ხელისუფლებას დრო აღარ დარჩა, თქვენ აღარ გაქვთ ხალხის მხარდაჭერა. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, ის რაც ივანიშვილმა გუშინ დააანონსა, ფაქტობრივად საზოგადოებას უთხრა, რომ ის არ აპირებს დემოკრატიული წესით ქვეყნის განვითარებას, მან თქვა, რომ ის ეუბნება უარს ევროკავშირს, საქართველოს განვითარებას და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, ყველა ერთად ვიყოთ. დიახ, დღეს შვიდ საათზე ბევრი უნდა ვიყოთ აქციაზე, ხვალაც ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ქართველი ხალხის ამაყი ხმა გავაგონოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ზურგი აქციეს ქართულ ეროვნულ ინტერესებს და უნდათ, რომ საქართველო ააცდინონ გზას. და ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, არ გამოგივა! ყველა ერთად დავდგებით ბოლომდე, იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ, განვითარდეს, გახდეს დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი და თქვენ, როგორც უბედურებას და ჭირს ამ ქვეყნისას, მოგიშორებთ. ძალა ერთობაშია! წინ ევროკავშირისკენ!”- განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....