ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცვლილებები ,,რუსულ კანონში”- ,,აგენტების” სია ფართოვდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს. წინა სხდომასთან შედარებით, მსჯელობა უფრო დიდ სივრცეში, პარლამენტის კინოდარბაზში მიმდინარეობს. მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა.
საკომიტეტო მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, დარბაზი დაატოვებინეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს.
დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე კანონპროექტის განხილვისას დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს რედაქტირებული ტექსტი დახვდათ, კერძოდ, რედაქტირებული ვერსია ,,აგენტებად” განიხილავს ე.წ ინფლუენსერებსაც.
ამის შესახებ ინფორმაცია ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” დამაარსებელმა, ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა გაავრცელა.
,,ახალი რედაქციაა შემოტანილი კომიტეტზე. მედიის ნაწილი, ინფლუენსერებიანად, კიდევ უფროა დამძიმებული თუკი მეტად დამძიმება შეიძლებოდა”,- წერს კუპრაშვილი.


შეგახსენებთ, იმისთვის, რათა პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.

იტვირთბა....