საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს BBC-ის პირდაპირ ეთერში ეხმაურება და ხაზგასმით ამბობს, რომ ე.წ. “რუსულ კანონს” ვეტოს დაადებს.
“ეს კანონპროექტი არის დიდი შეშფოთების საგანი, იმიტომ რომ ის არის ზუსტი ასლი პუტინის კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წელს და მომდევნო წლებში უფრო მეტად გამკაცრდა. ეს კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ გასულ წელს მასობრივი გამოსვლების გამო ეს კანონი უკან იქნა გაწვეული და ამჯერად მისი ხელახლა ინიცირება არის პირდაპირი პროვოკაცია.
პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ეს კანონი ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა საქართველოში და მათ ამ მხრივ ძალიან მკაცრი წესები აქვთ. სამაგიეროდ, გამჭვირვალე საქართველოში არ არის კორუფცია მთავრობის უმაღლეს ეშელონებში და ასევე ის, თუ ვისი დავალებით იქნა ეს კანონპროექტი ხელახლა დაინიცირებული. სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვები გამჭვირვალობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა სვამს და სწორედ ამიტომ არის, რომ უკვე მესამე დღეა, რაც დემონსტრაციები მიმდინარეობს საქართველოში.
ეს კანონი ნამდვილად აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ხალხი ამას ეწინააღმდეგება. მთავარი ტესტი იქნება 26 ოქტომბრის საყოველთაო არჩევნები და ეს კანონი არის ასევე იმის მცდელობა, რომ ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებას შეეშალოს ხელი. თუმცა, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ ადგას ევროკავშირის გზას.
მე ამ კანონს ისევე დავადებ ვეტოს, როგორც აქამდე ვადებდი ყველა კანონს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. მართალია, პარლამენტს აქვს საკმარისი ხმები, რომ ჩემი ეს ვეტო დაძლიოს, მაგრამ ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება და ეს ხმა გაგონილი იქნება მკაფიოდ” – ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი BBC-ის ეთერში