aviabiletebi
მთავარი

ომბუდსმენი -კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს – დაუსჯელები არიან ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს – დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. აღნიშნული თემა, ანგარიშშიც არის განხილული.

მისივე განცხადებით, მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები.

„კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს. 2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა, რომელიც სოფელ კირბალში წინაპართა სალოცავში სანთლის დანთების დროს მოხდა. დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. დიდი იმედებით ველოდებით, სასჯელის შესახებ მათ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და განგრძობად ოკუპაცია სამართლებრივად უნდა შეაფასოს. მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საკუთრების უფლებების დარღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი. ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 35 შეხვედრა გვქონდა საოკუპაციო ხაზის მომდებარე მცხოვრებ ქალებთან. შემაძრწუნებელია ისტორიები, რომლებსაც ისინი მიზიარებენ. ქალები ხშირად დაუცველები არიან ძალადობის შემთხვევებში, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, არ აქვთ ინფორმაცია ისეთ მომსახურებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უფასოა, მაგალითად, სკრინინგი. როგორც იცით, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება, საანგარიშო პერიოდში და წლების განმავლობაშიც დღესასწაულების დროს ხელოვნურად უშლიან ადამიანებს გადაადგილებას. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წელს იქნება გამონაკლისი და აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ წინაპართა სალოცავების და საფლავების მონახულებას”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იტვირთბა....