მოსკოვში მომხდარ თავდასხმას საქართველოს მთავრობა ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 90-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.