ინტერპოლი გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ X-ზე ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი წერს.
„მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას, საზარელ აქტს უდანაშაულო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. ინტერპოლი მზადაა დაეხმაროს გამოძიებას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს“, – წერს ორგანიზაციის გენმდივანი.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რაც შეეხება თავდამსხმელებს, საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.