ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლოს განაჩენი და პროკურატურის დეზინფორმაცია: ერეკლე კოდუას საქმის დეტალები

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობას საქართველოს პროკურატურა ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი – 45 000 აშშ დოლარად ღირებული “LEXUS GX 470” ე. კოდუამ, ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე.

ასევე, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მის ძმას შპს “ტოიოტა ცენტრი თბილისის” დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა ე. კოდუას დედის ლაურა ღაჭავას მიერ შპს “ტოიოტა ცენტრი თბილისიდან” 2008 წელს გამოყვანილი “LEXUS”-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდინა 41 500 ლარის ღირებულების “ტოიოტა ჰაი-ლუქსის” მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ე. კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ე. კოდუა გამართლდა. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ, რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება ერეკლე კოდუას ბრალდების კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი სასტიკად ცემის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ერეკლე კოდუას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 10 წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კოდუას ადვოკატი ოთო კახიძე პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სასამართლომ ერეკლე კოდუა მითვისების ეპიზოდებში გაამართლა.

“მანქანების მითვისების ყველა ეპიზოდში სასამართლომ ერეკლე კოდუა გაამართლა და პროკურატურის ეს განცხადება დეზინფორმაციულია. რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტების ნაწილს, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი იქნება ორ კვირაში და გვეცოდინება, რა იგულისხმა სასამართლომ უფლებამოსილების გადამეტებაში. მანამდე ყველა სახის განცხადება არის სპეკულაცია” – აცხადებს კახიძე.

პროკურატურის განცხადებას საქალაქო სასამართლოც კი სპეციალური განცხადებით პასუხობს. სასამართლო განმარტავს, რომ კოდუა მანქანის მითვისების ეპიზოდში მართლაც გამართლდა.

“ერეკლე კოდუა თაღლითობის ბრალდების საქმეზე, რომელიც 2 ეპიზოდს მოიცავდა, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ”.- აცხადებენ სასამართლოში.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ერეკლე კოდუას მიმართ.

მას ბრალად ედებოდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (2 ეპიზოდი), ასევე თაღლითობა, ესეიგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).

საქმე ეხება “ტოიოტა ცენტრი თბილისიდან” “LEXUS”-ისა და “TOYOTA HILUX”-ის მარკის ავტომობილების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად და მოტყუებით, მისაკუთრებისა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებს.

თაღლითობის ბრალდების საქმეზე (2 ეპიზოდი) ერეკლე კოდუა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ბრალდებულის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები, შესაბამისად ამ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში ერეკლე კოდუა გამართლდა. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

მოცემულ საქმეზე დაიკითხა ბრალდებისა და დაცვის 31 მოწმე.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

იტვირთბა....