ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი სამართალი

ახალი კანონპროექტი: 14 დღის ვადაში ნაყიდი პროდუქციის უკან დაბრუნება შეგეძლებათ

 

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის” შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მეორე მოსმენითაა დაგეგმილი. პარლამენტში განხილვაზე დასწრებას გეგმავს ბიზნეს-ასოციაციაც, რომელიც მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღება, როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს თანაბრად დააზარალებს.

„ბიზნეს ასოციაციის” ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ნანუაშვილი „კომერსანტთან” აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კომპანიების ნაწილი იძულებული იქნება ბაზრიდან გავიდეს, პროდუქცია კი გაძვირდება.

ნანუაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ევროდირექტივებს უნდა შეესაბამებოდეს, დღეს არსებული ვერსია კი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მოთხოვნებთან. კერძოდ, ნანუაშვილი ამბობს, რომ კანონში შედის ისეთი სფეროები, რომელიც დღეს უკვე ცალკეული სამართლებრივი აქტებითაა დარეგულირებული, მათ შორის ჯანდაცვა, ფინანსური სფერო. ამას გარდა, ბიზნესის უკმაყოფილებას იწვევს კანონის კიდევ ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც მათი მტკიცებით მომხმარებელს 14 დღის ვადაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია პროდუქციის უკან დაბრუნება მოითხოვოს. ნანუაშვილის განცხადებით, ასეთი დირექტივა ევროკავშირის მოთხოვნებში არ გვხვდება. შედეგად კი გამოდის, რომ ჩვენი კანონმდებლობა ცდილობს ბიზნესს დააკისროს იმაზე მეტი ტვირთი ვიდრე ევროკავშირი აკისრებს მეწარმეებს. ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ კანონის მიღება სამართლებრივ ქაოსს გამოიწვევს, რადგან დღეს უკვე არსებობს რეგულაციები, რომლის მიხედვით მომხმარებელთა უფლებები დაცულია. მათ შორის პროდუქტების უსაფრთხოების კოდექსში, სურსათის უვნებლობის კოდექსში და სამოქალაქო კოდექსში.

„მომხმარებელთა ფედერაციის” თავმჯდომარე მადონა კოიძე ბიზნესის არგუმენტებს გაუგებარს და ალოგიკურს უწოდებს.

„მომხმარებელთა ფედერაციის” თავმჯდომარის განმარტებით, მომხმარებელს აქვს უფლება სრული ინფორმაცია მიიღოს პროდუქტების შესახებ და იმ შემთხვევაში თუ არ დააკმაყოფილებს, პროდუქტი დააბრუნოს, ან გაცვალოს ის. კოიძის განცხადებითვე, თუ ბიზნესს ჰყავს ომბუდსმენი, მომხმარებელსაც აქვს უფლება იყოს დაცული და ჰყავდეს ომბუდსმენი. რაც შეეხება პროდუქციის გაძვირებას, მისი თქმით ეს არარეალურია.

 

იტვირთბა....