ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იესპერ მოლერთან შეხვედრის დროს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ასევე ისაუბრა ბოლო წლებში ბავშვის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის განხორციელებულ ინიციატივებზე, როგორც კანონმდებლობის, ასევე საზედამხედველო ინსტრუმენტების განვითარების მიმართულებით.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს, კომიტეტისთვის ბავშვის უფლებები განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და ეს ტენდენცია დღესაც ნარჩუნდება. მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა კომიტეტის ხანგრძლივი, კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გაეროს ბავშვთა ფონდთან და მისი წინა წარმომადგენლის, ღასან ხალილის როლი ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტების ზრდის საქმეში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კანონმდებლობის აღსრულების და მასზე ზედამხედველობის ეტაპზე, რელევანტურ უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს როლს და მასთან თანამშრომლობას.

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა. ისაუბრა პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელი ეროვნული ჩარჩოს და სერვისების გაძლიერების მიმართულებით და მზადყოფნა გამოხატა კომიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც ამ დრომდე არსებულ გამოცდილებას დაეფუძნება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის და ჩართულობის უპირატესობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომიტეტის სამომავლო საქმიანობაში შენარჩუნებული იქნება მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის საქმიანობის დაგეგმვის და პრიორიტეტების განსაზღვრის ეტაპზე პარტნიორების ჩართულობა.

იტვირთბა....