ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც ქართული მხარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იღებდა მონაწილეობას. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა შემდგომი მაღალი დონის გაცვლებისა და ვიზიტების მნიშვნელობას.

ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მისი თქმით, ნატო და ევროკავშირი ერთი მედლის ორი მხარეა და ორივეა მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის 9 პრიორიტეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა და ახლა განსაკუთრებული მომენტია ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს გეგმებზე ევროკავშირის 9 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით და, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებზე.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

იტვირთბა....