ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “სარკესთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მუქარის, თუ 31 მარტამდე საქართველოს არ დატოვებს, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაუვრცელებენ, უკვე არ ეშინია, თუმცა არ არსებობს ქალი ან მამაკაცი, ვინც ადვილად გადაიტანს ამგვარ ულტიმატუმს:
– ვერ წარმომიდგენია, ვერც ერთი კაცი და ვერც ქალი, ვინც ადვილად გადაიტანს, როცა მას პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.
– ბევრს გაუკვირდა თქვენი გამბედაობა…
– გულწრფელად გეტყვით, მე ალბათ ცოტა სითამამე იმან შემძინა, რომ ქმარი არ მყავს. რასაკვირველია, ამან გამოიწვია ის, რომ უფრო თავისუფლად ავლაპარაკდი. პირადი ცხოვრების გასაჯაროება წარმუდგენელი დანაშაულია.
– თქვენი ქალიშვილის, მარიამის ახლანდელი ემოციები როგორია?
– მე მყავს ძალიან მაგარი შვილი. მადლობელი ვარ ამის გამო უფლის. მან აიღო თავის თავზე, რომ ეს ყველაფერი თავად ეთქვა. ბოლომდე მიდგას გვერდით. მისთვის ალბათ უფრო მძიმე იყო ამის თქმა, ვიდრე ჩემთვის.
– თქვენი შეყვარებული როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?
– სულ ჩემს გვერდითაა. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ყველაფერს გადავიტანთ. ამ ამბით მე ცხოვრება არ დამნგრევია. ძალიან მაგარი შეყვარებული მყავს-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს. ეს ადამიანი ბოლომდე ჩემს გვერდით დგას.

