ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გაემგზავრნენ

„თქვენ ხართ სახე, სახელი და ღირსება ქართული სახელმწიფოსი და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის რეალობა, რომლითაც საქართველო ცხოვრობს ბოლო 15 წელია“ – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ავღანეთში სამხედრო მისიაში გამგზავრების ცერემონიაზე ქართველ ჯარისკაცებს.

„მართალია, დღეს გაცილების დღეა, კიდევ უფრო საზეიმო და მნიშვნელოვანი დღე იქნება, როდესაც ყველანი მშვიდობით დაგვიბრუნდებით უკან. თქვენ ხართ სახე, სახელი და ღირსება ქართული სახელმწიფოსი და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის რეალობა, რომლითაც საქართველო ცხოვრობს ბოლო 15 წელია. იმ პირველი დღიდან, როდესაც პირველი ქართველი სამხედრო დადგა უცხო ქვეყნის მიწაზე მშვიდობის დასაცავად და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ორი დღის წინ ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სწორი არჩევანია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს გაკეთებული და რამდენად მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილეობთ. ჩვენი ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს ემუქრება ტერორიზმის საფრთხე. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ბოროტებას არ აქვს საზღვარი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით, ქართული სახელმწიფო წინ აღუდგეს ამ ბოროტებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეულის, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ქართველ სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილიმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უსურვა.

 

იტვირთბა....