კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, დავით ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი “მეტრონომთან” საუბარში ინტერპოლის მიერ ახალაიას ძებნიდან მოხსნის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ახალაიას სიიდან ამოღება საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ინფორმაცია ახალაიას საერთაშორისო ძებნიდან მოხსნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ოფიციალურ ვებ გვერდზე, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილი მაღალჩინოსანი აღარ იძებნება.
“გიდასტურებთ, რომ საერთაშორისო ძებნიდან მოხსნილია ბატონი დავით ახალაია. მოგეხსენებათ ევროპულმა სასამართლომ, კერძოდ საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა ქართულ მხარეს დავით ახალაიას ექსტრადაციაზე. მათ საექსტრადაციო მოთხოვნაში ჩაწერილი ჰქონდათ ყველა ის ბრალდება, რაც საყოველთაოდ ჰქონდათ აღიარებული და რაზეც საუბრობს პროკურატურა ანუ ყველა სისულელე ჰქონდათ მითითებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ დათა ახალაიას მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა. უარი ეთქვათ ექსტრადაციაზე და შესაბამისად ინტერპოლმაც გაიზიარა ეს სამართლებრივი შედეგი და მოხსნა ძებნიდან. დავით ახალაიას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით თავისუფლად”. – აცხადებს ზაქარეიშვილი.
შეგახსენებთ, დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო. მას ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიესაჯა. 2015 წლის აპრილში კი, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე პირველი ინსტანციის, ქალაქ პეტრას სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ქართულ მხარეს უარი უთხრა. საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ საფუძვლად საქართველოში დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა დაასახელა.
რა შემთხვევაში წყვეტს საერთაშორისო ძებნას ინტერპოლი?
“მეტრონომთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ინტერპოლი მაშინ წყვეტს საერთაშორისო ძებნას, როდესაც აღმოჩნდება რომ საქმეში მტკიცებულებები არასაკმარისია.
“ინტერპოლი იღებს სიიდან გარკვეულ პირებს, როდესაც აღმოჩნდება, რომ საქმეში მტკიცებულებები არასაკმარისია, ან საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს.” – აცხადებს უტიაშვილი.
ახალაიას ძებნილთა სიიდან ამოღებას საქართველოს გენერალური პროკურატურაც ეხმაურება. როგორც პროკურატურა განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები.
“საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები.
კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის (red notice request) ან ძებნის გავრცელების (diffusion request) თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს, ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს;
2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის, ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;
3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.
შესაბამისად, დავით ახალაიას შემთხვევაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძებნილ პირს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ძებნის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლის ზემოთ მითითებული მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ დავით ახალაიასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ სხვა რამდენიმე პირთან. კერძოდ, მონაცემთა დამუშავების თაობაზე ახალი ინსტრუქციების დამტკიცებიდან დღემდე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ასევე საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ 209 პირთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის, სერბეთის რესპუბლიკის, ხორვატიის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ ძებნილ პირებთან მიმართებაში.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურა საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ინტერპოლის რეგულაციების ფარგლებში გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დღეს არსებული მიდგომის გასაუქმებლად და მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დათა ახალაიას ბევრი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ კუდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ უცხოეთში მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები იმის ბრალია, რომ საქართველოს პროკურატურამ ვერ მოახერხა სათანადო დოკუმენტაციების შეგროვება და გაგზავნა, რაც დაადასურებდა მის ბრალეულობას და გააქარწყლებდა ყველანაირ ეჭვს პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.
რას წარმოადგენს ინტერპოლი?
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლი 1923 წელს დაარსდა. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ხელისუფალთა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ინტერპოლის შტაბ-ბინა საფრანგეთის ქალაქ ლიონშია. საქართველო აღნიშნულ ორგანიზაციას 1993 წელს შეუერთდა.
ინტერპოლი სრულად დამოუკიდებელია, სხვა სახელმწიფოებისგან. პოლიტიკური ნეიტრალობის შესანარჩუნებლად, ინტერპოლი არ მონაწილეობს ისეთ ქმედებებში, რომელიც მოიცავს პოლიტიკას, სამხედრო ქმედებებს, რელიგიას ან რასას.
ინტერპოლი თავად არ ახორციელებს ძებნილ პირთა დაკავებებს და არც ინტერპოლის ციხე არ არსებობს, სადაც ხდება დამნაშავეთა გადაყვანა. ორგანიზაცია ერთგვარი დამაკავშირებელია, მისი წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია, როცა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის დროს, ქვეყნების ერთობლივი თანამშრომლობა გაძნელებულია, განსხვავებული ენის, კულტურისა და ბიუროკრატიული სისტემის გამო. მაგალითისთვის, თუ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) ძებნაში ჰყავს ტერორისტი, რომელიც იტალიაში იმყოფება, შესაძლოა მან არ იცოდეს, თუ ვის უნდა მიმართოს, იტალიის პოლიციაში, ან FBI-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით, მთავრობის რომელი წევრი უნდა იქნას შეტყობინებული. ასეთ შემთხვევაში, FBI-ს შეუძლია დაუკავშირდეს იტალიაში არსებულ ინტერპოლის ნაციონალურ ცენტრალურ ბიუროს (რომელიც, ინტერპოლის წევრ ყველა ქვეყანაშია), რომელიც თავის მხრივ, ერთმანეთთან დააკავშირებს შეერთებული შტატებისა და იტალიის სამართალდამცავ ორგანოებს.