„დღეს საშინელ ავტოავარიას შევესწარი: გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომლის ესკორტი შემთხვევით გახდა მომსწრე…“ – წერს რეჟისორი გიგა კიტია საკუთარ სოციალურ გვერდზე.
„ (პრეზიდენტი) ცდილობდა ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ… გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება გაზგასამართ სადგურთან მოხდა, სატუმბ ჯიხურთან შეჯახებით… მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ პრეზიდენტი. ორსული გოგოს, ( მძღოლის), ამბები არ ვიცი, რადგან სასწრაფომდე წაუყვანიათ, გვერდზე მჯდომი კი საშინლად იყო დალეწილი და იმედია სტაბილურად მაინც არიან… და კიდევ, ყველა BMW-ს მძღოლი ერთი რატომ არის???“- ირკვევა რეჟისორის ფეისბუქ პოსტიდან.
მოგვიანებით სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დააზუსტა მომხდარის დეტალები:
„ჩემი მეგობრის ოჯახის წევრები მოყვნენ ავარიაში. 75 წლამდე ქალბატონი დაიღუპა, ორსული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
გუშინ, დაახლოებით 17 საათზე, სააკაძის მოედნიდან სანაპიროს ქუჩის მიმართულებით, ავარია მოხდა. BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და Toyota-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა, სადაც მამაკაცი, 8 თვის ორსულ მეუღლესთან და მეუღლის ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად მანქანამ დეფორმაცია მიიღო და დაშავებულები ავტომობილიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მივიდნენ. ორივე მანქანაში დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც 75 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა, ხოლო BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი ერთი პირი და Toyota-ს მარკის ავტომობილში მყოფი ორსული გოგონა საამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან და მათ გამოკვლევები უტარდებათ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პრეზიდენტი აღნიშნულ მონაკვეთზე მართლაც იმყოფებოდა.