თუ პარლამენტში ვინმეს ზრდილობა ეშლება, ეს სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა. როდესაც ეს ადამიანები, მათ შორის, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ. ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატს „პატარა კაცებს“ რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ „ბოდიში“ თეონა აქუბარდიასგან გახსოვთ, რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი – სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა სინანულის გამოხატვა” – განაცხადა კობახიძემ.