რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ, „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა, რომ youtube-ზე გავრცელებული მისი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო ჩანაწერი ავთენტიკურია.
„გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა რაც მასთან ამ და სხვა თემებზე არ გვისაუბრია. სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში.
მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით.
ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა”,- აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

