სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების სამი ძირითადი პრინციპი შეთანხმებულია.
„პირველი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია შეადგენს 29 800 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო აზერბაიჯანის – 96 600 კვადრატულ კილომეტრს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან განაცხადა, რომ მეორე პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ალმათის დეკლარაცია უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისთვის პოლიტიკური საფუძველი; მესამე პრინციპი კი რეგიონული კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და კანონმდებლობის ურთიერთპატივიცემის პრინციპებზე დაყრდნობთ.
გარდა ამისა, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის შეთანხმება უახლოეს მომავალში შესრულდება.
„ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში განხორციელდება შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იყო სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგნლების შეხვედრების შედეგად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.