საქართველოს საელჩომ საფრანგეთში, პარიზის ტურიზმის მსოფლიო სალონზე, რომელზეც აფხაზეთი ცალკე რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი, ხოლო სალონის ინტერნეტ გვერდზე რუსეთის ფედერაციის ნაწილად, რეაგირება მოახდინა და სტენდიდან აბრა “აფხაზეთის რესპუბლიკა” ჩამოახსნევინა.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას.
“პარიზის ტურიზმის მსოფლიო სალონზე, აფხაზეთი წარმოდგენილი იქნა სტენდზე დიდი აბრით, “აფხაზეთის რესპუბლიკა”, ხოლო სალონის ინტერნეტ გვერდზე იგი მოხსენიებულ იქნა, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილი, დამოუკიდებელი ქვეყანა.
საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაუყონებლივ მიმართა სალონის დირექტორს, მოსთხოვა აბრის ჩამოხსნა და ფორმულირების შეცვლა, აუხსნა რა მას, რომ სალონის მიერ წარმოდგენილი ფორმულირება აფხაზეთთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას.
საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, აფხაზების პროტესტის მიუხედავად, სტენდიდან ჩამოიხსნა აბრა „აფხაზეთის რესპუბლიკა“, სტენდზე დარჩა მხოლოდ რუქა, რომელზეც აფხაზეთი გამოყოფილია, როგორც რეგიონი. ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას.
და ბოლოს, საქართველოს საელჩომ მიმართა სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავს სალონებში, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა.”- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი მამუკა კუდავა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერდა, რომ პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე, ვერსალის საექსპოზიციო პარკში „მსოფლიო ტურიზმის სალონზე“ აფხაზეთი მონაწილეობდა როგორც რესპუბლიკა მაშინ, როდესაც საქართველო იქ წარმოდგენილი საერთოდ არ იყო. ის საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებდა.