ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარტავა მოდის, „ფორუმი“ მიდის…

3 აპრილს, “ეროვნული ფორუმის” პარტიული ყრილობის შემდეგ პარტია მმართველ კოალიციას დატოვებს – ამის შესახებ primetimenews წერს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ანი მიროტაძე ამბობს, ყრილობაზე დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი განიხილება: როგორ უნდა წარსდგეს პარტია 2016 წლის არჩევნებზე – დამოუკიდებლად თუ კოალიციურ რეჟიმში.

“ყრილობაზე გადაწყდება რა გზას აირჩევს “ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით”- აცხადებს მიროტაძე.

სააგენტოს ცნობით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა 3 აპრილს მედიისა და საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდება, რომელიც სავარაუდოდ, “ეროვნული ფორუმის” საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგება.

“კახა შარტავა პოლიტიკაშია, ის აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო პროცესში. მთელი ამ ხნის განმავლობაში კახა მუშაობდა “ფორუმის” გაძლიერებაზე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და სიაზე გადაწყვეტილებას გუნდური პრინციპით მივიღებთ. ჯერჯერობით ამ საკითხზე მსჯელობა არ გვქონია. ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად ექნება კახა შარტავასთან აქტიური ურთიერთობის შესაძლებლობა”- ამბობს ანი მიროტაძე.

ხმებს პარტიის მიერ კოალიციის შესაძლო დატოვებაზე ამყარებს კოალიციის ერთ-ერთი წევრი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც.

„კოალიცია ჯერჯერობით აგრძელებს არსებობას. მის ყველა სუბიექტს შორის არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობა. ვინ დარჩება არჩევნებამდე, ვინ წავა და ვინ შემოუერთდება, ამას გვაჩვენებს მომავალი. ზოგიერთი პარტია ამბობს, რომ ჩაატარებენ ყრილობას და შემდეგ გადაწყვეტენ, დარჩებიან თუ არა კოალიციაში…ზოგადად, ერთობა უფრო ძლიერია, თუმცა გასაგებია ისიც, რომ ეს ერთობა თავის დროზე მიმართული იყო ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის დასასრულებლად. ხალხს რომ თავისუფლად ამოესუნთქა, ამიტომ ერთად შეიკრა მემარჯვენეც, მემარცხენეც, ლიბერალიც და კონსერვატორიც. დღეს, როცა ეს გამოწვევა დაძლეულია, უკვე გემოვნების საკითხია, ვინ ვისთან გაერთიანდება. ამ წუთისთვის ძნელია თქმა, როგორი იქნება საბოლოო კონტური, თუმცა დიდი ხანიც აღარ არის დარჩენილი. მაგალითად, მითხრეს, რომ „ფორუმი“ აპირებს ყრილობის ჩატარებას და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება, დარჩება თუ არა ეს პარტია კოალიციაში. ასეთი აზრი ბევრია და ცხადია, პოლიტიკურ ძალებს გარკვეული დრო სჭირდებათ“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

იტვირთბა....