საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს“, – წერს ფიშერი.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.
ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა ხელმოსაწერად.