ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა თქმა უნდა, ძნელია მთავრობის ამ გადაწყვეტილების გაკრიტიკება, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდო თავი – რას წერს რომან გოცირიძე

რა თქმა უნდა, ძნელია მთავრობის ამ გადაწყვეტილების გაკრიტიკება, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდო თავი – ამის შესახებ პარლამენტარი რომან გოცირიძე წერს.

“მთავრობის გადაწყვეტილებას 30 ათასი სტუდენტისათვის დავალიანების ჩამოწერის და ამისათვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ ყველა აღფრთოვანებით შეხვდა, მათ შორის ოპოზიციაც. სხვანაირად როგორ მოიქცეოდა, როცა მრავალი წელია, ოპოზიცია ამას ითხოვს. სწორედ აქ ვლინდება ოპოზიციის დაბალკვალიფიციურობა. რამდენიც არ უნდა იძახო, რომ ღარიბაშვილმა ეს მისი სკანდალის გადასაფარავად გააკეთა, ერთი რამ ფაქტია, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუსრულა.
თავიდანვე უნდა ვთქვა: დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის უნდა არსებობდეს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ შვილებს უმაღლესი განათლების მიღებაში. იმ ფორმით, რა ფორმითაც მთავრობამ სწავლის გადასახადი დაფარა, არის არასწორი, არაეფექტიანი, პოპულისტური, ერთჯერადი და ამორალურიც, თუ მის საარჩევნო ქვეტექსტებსაც გავითვალისწინებთ.
როცა ოპოზიცია ამბობს, რომ სტუდენტებს სჭირდებათ მხარდაჭერა, მექანიზმიც უნდა იყოს შეთავაზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების წისქვილზე ასხამ წყალს. არავის გაახსენდება ვინ ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას, ისევე როგორც არავის გაახსენდება, ახლა ოპოზიცია რომ გაჰკივის ყურძნის სუბსიდირების მომატებაზე. საბოლოო ჯამში, ვინც ფულს მისცემს, ის დაიპყრობს მათ გულებსაც. ვინმეს უთქვამს ოდესმე, მთავრობა რომ დამპალ ყურძენსაც კი იბარებს, ეს ოპოზიციის დამსახურებაა?
რა თქმა უნდა, ძნელია მთავრობის ამ გადაწყვეტილების გაკრიტიკება, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდო თავი. ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, ერთ თარგზე ვალების ამ ფორმით ჩამოწერა არასწორია. ხომ შეიძლება სტატუსი ფულის გადაუხდელობის გამო კი არ შეჩერებოდათ, არამედ სხვა მიზეზებით, მაგალითად არ გააგრძელა სწავლა, ვერ ჩააბარა საგნები და ა. შ. შესაბამისად, ფულის გადახდაც შეწყვიტა.
სტუდენტებისათვის ყოველგვარი კრიტერიუმის დაწესების გარეშე სწავლის გადასახადის გადახდა( მათ შორის არც თუ ისე ცოტა იქნება შეძლებული ოჯახებიდან), არის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სუბსიდირება. ეს 40 მილიონი ლარი სტუდენტებს კი არ ეძლევა თავისუფალი მოხმარებისათვის, არამედ უნივერსიტეტებს ერიცხებათ. ეს იმავე ეკონომიკური შინაარსის მატარებელია, როგორიცაა ყურძნის ან ვაშლის სუბსიდირება.
დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამით უნდა ყოფილიყო ეს პრობლემა მოგვარებული და არა იმ გზით, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა. ვალები მომავალშიც დაგროვდება და მისი ჩამოწერის ეს ფორმა სამომავლოდაც ცუდად შეგვახსენებს თავს” – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....