საბურთალოზე, ქავთარაძეზე მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის ლოკალიზების დროს, ერთი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა.
გუდვილში ცეცხლი დაახლოებით დღის 12 საათზე გაჩნდა. როგორც „მეტრონომს“ თვითმხილველმა განუცხადა, რომელიც ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში იმყოფებოდა, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა და შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მალევე მოხერხდა, ამიტომაც არავინ დაშავებულა.
ცეცხლი მალევე შენობის მეორე სართულს მოედო და მის ჩასაქრობად სახანძროს 18 ბრიგადა იმყოფებოდა. ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. ადგილზე იმყოფებოდა ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მენეჯერიც, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. უცნობია ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზარალის ოდენობა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას, ან გადადგურებას გულისხმობს.