მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ – მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტურ აქციებს, ფარულ ჩანაწერებსა და ახალ საპენსიო სისტემას შეეხო.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტუდენტების მოთხოვნა თვითმმართველობის რეფორმირებაზე ლეგიტიმურია და სახელმწიფო ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში:
“ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი ზოგადად წარსულის პრეცედენტების გამო, როდესაც გარკვეულწილად თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყნებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობაც საჭიროებს რეფორმას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რეფორმის პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული, სადაც აღარ იქნება იმის მიზეზი, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ფარული და უკანონო ჩანაწერების სკანდალურ საქმეს, პრემიერ-მინისტრის აზრით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთვარდეს საზოგადოების ტერორიზება ამ მხირვ და ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია:
„ უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ პროკურატურა ძალიან აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე. არის გარკვეული პროგრესი გამოძიებაში და ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, რომ მართლაც ღირსების საკითხია ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთით დავუსვათ წერტილი“.
ახალ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით კი გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ მომავალი პენსიონერებისთვის გაუმჯობესებული პირობები იქნება:
„„ეს სისტემა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას, იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა. საუბარია დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებულ დაგროვებით სისტემაზე, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის სოციალური უზრუნველყოფის იმ დონეს შექმნის, რაც სხვა გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სისტემა არსებული საბაზისო სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინდექსირება ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება.