ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თსუ აქციებისგან გათავისუფლდა

„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. როგორც ისინი ამბობენ, შაბათს აუდიტორიაში კვლავ დაბრუნდებიან, მანამადე კი სწავლის აღდგენის ინტერესიდან გამომდინარე ტოვებენ უნივერსიტეტს. მათ თსუ-ს პირველი კორპუსიდან გამოსვლისას მანიფესტიც გაავრცელეს:

„დღეს, 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები, ასევე პროტესტის სხვა წევრები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას „აუდიტორია #115“, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება.

„აუდიტორია  #115”  შექმნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი სტუდენტები და ლექტორები „აუდიტორია115“-დან. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ  გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას, თითოეული სტუდენტისა და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით. ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ, ამ დროისათვის ჩვენი მთავარი, რადიკალური მოთხოვნაა: არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა.

ჩვენი დანარჩენი მოთხოვნები ძალაში რჩება: მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით; საკანონმდებლო ცვლილებები, აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებს. ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ „ოდეერებისგან“.

„აუდიტორია #115“ მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამ მიზნით, უახლოეს დროში, შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება – კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან„აუდიტორია #115“.

#115 აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეებს პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს.

19 მარტს, 18:00 საათზე,  ვბრუნდებით აუდიტორია #115-ში.

თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.

ყველა სტუდენტი და  პროფესორი თანასწორია!”- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ მანიფესტში.

გუშინ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ საბჭო დატოვა და განაცხადა, რომ ის განურჩევლად შეხედულებისა, ყველა სტუდენტს სოლიდარობას უცხადებს.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის თქმით კი,  სტუდენტები ერთობლივ განცხადებას დღეს გააკეთებენ.

„შეთანხმებას მივაღწიეთ იმაზე, რომ ხვალ დავილაპარაკოთ, რა პოზიციები გვექნება. შევთანხმდით იმაზე, რომ სტუდენტებმა ავიღეთ პასუხიმგებლობა და გადავედით კონსტრუქციულ რეჟიმზე. პირველი კორპუსი ორივე მხარემ დავტოვეთ. სასწავლო პროცესის ხელშეშლას არცერთი მხარე არ აპირებს. მნიშვნელოვანია რომ აღდგეს და ხესავით არ იყოს არცერთი კორპუსი უნივერსიტეტში” – აღნიშნა საბაურმა.

იტვირთბა....