ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კრამერი იქნება, კრამონი თუ სხვა ხელმოცარული, ვინც თბილისში ხართ შეკრებილი, რადიკალებს მხარს უჭერთ, რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ და მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით! – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა, თბილისში მიმდინარე კონფერენციას – „პუტინიზმის დამარცხება“ – გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, იქ შეკრებილნი არიან ხელმოცარულები, მაგალითად კრამონი და კრამერი, ისინი მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას და ამზადებენ მათ რევულიციისთვის და მეორე ფრონტისთვის საქართველოში.

„მერამდენე წელია ამ კონფერენციაზე ათიათასობით დოლარი იხარჯება. რისთვის ატარებენ კონფერენციებს? – იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები შელახონ და ჩვენი ქვეყანა არასწორი ბრალდებებში დაადანაშაულონ. რისთვის? – იმისთვის, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა და იმისთვის, რომ სააკაშვილი არ გავასამართლოთ. ამას ვინ გვეუბნება? – აშშ-ს წარმომადგენლები, რომელთაც ახლახან ბრალდება წაუყენეს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, რომ თურმე მან არჩევნების შედეგები არ აღიარა. ე.ი. ორმაგი სტანდარტია, აქ ყველაფერი „მოსულა“. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ადამიანებს ასამართლებენ და ციხეში ჩასვეს, საქართველოში ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“ რომ დასდევდნენ, პარლამენტს ანგრევდნენ, ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ. ასეთი მიდგომისა და დემოკრატიის არ მჯერა. ეს არის საქართველო! ყველამ კარგად გაიგოს, ფასიანმა ლობისტებმაც და ხელმოცარულებმაც – საქართველოს აქვს უდიდესი ტრადიციები და არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა „ბანანების რესპუბლიკა“ ეგონოს! კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი, თუ სხვა ხელმოცარულები, ვინც იქ ხართ შეკრებილები და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიხართ – პოლარიზაციას აღვივებთ, რადიკალებს მხარს უჭერთ და რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ, მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, გამორიცხულია, არ გაგიტარებთ! სულ ტყუილად ხარჯავენ ასიათასობით დოლარს, ამდენი წელია კონფერენციას ატარებთ.

ქართველებმა ამით რაიმე მიიღეს?! – არა! შეიკრიბებიან ფურშეტზე, ერთმანეთს შეაქებენ. ეს კაცი ამერიკიდან გამოაგდეს, რადგან ხელმოცარულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტი იყო და ეს ატარებს კონფერენციას, ამას უნდა ვუსმინოთ?!

რაც შეეხება ჯორჯ ბუშის წერილს, ამ კონფერენციის ავტორიტეტზე მიუთითებს ის, რომ ჯორჯ ბუშს ჩართვა კი არ ჰქონდა, წერილი დაწერა, ამას კითხულობენ და იქ რა ჩაასწორეს და რა არა, მეათეხარისხოვანია. ბუში იქნება თუ სხვა, თუ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ მომიწოდებს – კონსტიტუცია დავარღვიო და სააკაშვილი გარეთ გამოვუშვა? – ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კონფერენცია სახელწოდებით “„პუტინიზმის დამარცხება“დღეს გაიხსნა. ის 2 დღე გაგრძელდება. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

იტვირთბა....