ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურით ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება – არასამთავრობოები „ქართულ ოცნებას“

არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.

ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ, შეწყვიტონ აღნიშნული პროცედურა, იმიტომ რომ ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციუ მისწრაფებას.

„ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით. ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთასაამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.

სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
სასამართლოს გუშაგი
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....