ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კანონს „ოცნება“ არღვევს, რადგან პრეზიდენტს კონსტიტუციაში ჩაწერილი სტრატეგიული მიმართილებებით მუშაობის საშუალებას არ აძლევს – ზაქარეიშვილი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ოცნება“ ამას რუსეთის დასანახად აკეთებს.

ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციას არა ზურაბიშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ არღვევს, რადგან პრეზიდენტს კონსტიტუციაში ჩაწერილი სტრატეგიული მიმართილებებით მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

„ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება დასავლეთის დასანახად, რადგან დასავლეთი კარგად დაინახავს, რა ვითარებაა საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, რუსეთის დასანახად აკეთებენ. მათთვის მთავარია მფარველი სახელმწიფო რუსეთი კმაყოფილი იყოს, თუ როგორ ძირკვავს ფესვიანად „ქართული ოცნება“ საქართველოში პროევროპულ მოძრაობებს. დაბრმავებულები არიან „ქართულ ოცნებაში“. მათი ქცევები სამარცხვინოა და კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ასეთ უსაგნო ხელისუფლებას გამარჯვების შანსი ჰქონდეს, რომ არა სუსტი ოპოზიცია. ასეთი სუსტი მთავრობა და ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია და საუბედუროდ, არც ასეთი სუსტი ოპოზიცია ჰყოლია არასდროს. ისინი იქნევენ ჯოხს, რომელიც თავში მოხვდებათ და ხვდებათ მუდმივად. მაგრამ იციან, რომ მათ ვერავინ ჩაანაცვლებს. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მიაღწიონ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭა, მიითვისებენ და გაიფორმებენ არჩევნებში გასამარჯვებლად, მაგრამ ურჩევნიათ, სხვა ფორმით გაიმარჯვონ, ვიდრე კანდიდატობის სტატუსით. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მოანგრიონ კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი. ასე სამარცხვინოდ ატყობინებენ ევროკავშირს, რომ მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის აქტიურობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით. გამაოგნებელია, რასაც ისინი აკეთებენ. ეს უტიფრობა და თავხედობაა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ გაუვათ, რადგან ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს. სამაგიეროდ, ქულებს იწერენ რუსეთის წინაშე. ის, რომ ზურაბიშვილი თითქოს კონსტიტუციას არღვევს, სწორი არაა. ზურაბიშვილი კონსტიტუციას იცავს, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია საქართველოს სტრატეგიული მიმართულებები. კონსტიტუციას ესენი არღვევენ, როდესაც ზურაბიშვილს კონსტიტუციის ამ პირობების შესრულების საშუალებას არ აძლევენ. შეიძლება პროცედურულად არღვევს [ზურაბიშვილი], მაგრამ კონსტიტუციას არსებითად იცავს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....