ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს – ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“კონსტიტუციის შესაბამის მუხლთან ასეთი უხეში თამაში პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ყოველთვის ვთვლიდით, რომ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირების იმ ხარისხში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას პრობლემა შეუქმნას. მაგრამ წარმოიშვა არანაკლებ სერიოზული პრობლემა, კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლზე მიუთითებენ, როცა ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს აქვთ საუბარი სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გააქტიურებაზე.

რასაკვირველია, თუკი ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოყოფილიყო და მრავალი ელჩის მონაწილეობით ის საზეიმო ტრიბუნაც, 26 მაისს ფიცის დადების ცერემონიალი მაქვს მხედველობაში.

საერთაშორისო პარტნიორების თვალში ჩანს ის, რომ დაპირისპირება არსებობს პოლიტიკურ ძალთა შორის და პრეზიდენტს პოზიცია უკავია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ნარატივს იმეორებს, ამას წყალი არ გაუვა და ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი. ამას გუშინ თვალთმაქცობა ვუწოდე, რომ ერთი მხრივ, ისაუბრო სურვილზე, საქართველომ მიიღოს სტატუსი და მეორე მხრივ ყველა განცხადებას აკეთებდე და ყველა მოქმედებით აჩვენებდე, რომ ასეთი სტატუსი საქართველომ არ უნდა მიიღოს და იმეორებდე იმ ფორმულას, რომელიც ახლა შემოგვთავაზეს “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა. ესაა თვალთმაქცობა, რბილად რომ ვთქვათ. პოზიციათა სხვაობა, რაც არ უნდა იყოს, ზედმიწევნით უნდა იყოს გათვლილი და მთავრობა წყვეტს მისცეს თუ არა ამ საკითხებზე საუბრის მანდატი პრეზიდენტს. უნდა იყოს შეჯერებული პოზიცია (მთავრობას და პრეზიდენტს შორის), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს და ამას სხვა ინტერპრეტაცია, სხვა კომენტარი და სიტუაციიდან გამოძრომის ნებისმიერი მცდელობა არ ესადაგება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....