რა და რატომ ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს? რა არის „ოდეერი“? (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) უნდა იყოს თუ არა ის უნივერსიტეტში? რატომ ამართლებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უნივერსიტეტში მათ არსებობას? იცოდა თუ არა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში მათი არსებობის შესახებ? ეს ის კითხვებია, რომელიც დღეს უნივერსიტეტის გარშემო ისმის. ჩვენ ამ სტატიაში შევეცდებით აღნიშნულ კითხვებზე პასუხები გავცეთ.
ყველაფერ ამისთვის კი საჭიროა უნივერსიტეტში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში კარგად გავერკვეთ. მივყვეთ მათ ქრონოლოგიურად: 27 იანვარს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ კანცლერის პოსტზე დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) იოსებ არჩვაძის კანდიდატურა წარუდგინა. მომდევნო თვეში არჩვაძემ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რაც იმით დაასაბუთა, რომ უნივერსიტეტის კოლექტივისა და სტუდენტობის მხრიდან მისი კანდიდატურის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა, კერძოდ კი პოლიტიკურ ორიენტაციასთან და პრინციპულობასთან დაკავშირებით. აკადემიურმა საბჭომ კანცლერობის კანდიდატად კონკურსში მონაწილე დანარჩენი ოთხი კანდიდატიდან, რომელთა შორის იყვნენ გიორგი გაფრინდაშვილი, თამარ კაპანაძე, ალექსანდრე ჩხიტაური და კახაბერ ჭეიშვილი, არჩევანი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელ გიორგი გაფრინდაშვილზე გააკეთა. ამ ყველაფრის შემდეგ, 7 მარტს სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც თსუ-ს თვითმმართველობის მიერ ფულის არამიზნობრივ ხარჯვასა და ადმინისტრაციისგან მათთვის მინიჭებულ პრივილეგიებს ეხებოდა. იმავე დღეს, სტუდენტებმა მოითხოვეს თსუ-ს კანცლერის არჩევნებიდან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა, რადგან მათი თქმით, გაფრინდაშვილი 2011 წლიდან განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტთა დევნაში მონაწილეობდა. როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ე.წ. „ოდეერი“ მფარველობდა.
უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს თსუ-ში ე.წ. „ოდეერის“ არსებობა დაუდასტურა და კონკრეტული სახელი და გვარიც გააჟღერა. მისი თქმით, ეს იყო ივა კავსაძე, რომელიც კანცლერობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის მეგობარია. გაფრინდაშვილმა მის მიმართ გაჟღერებული ყველა ბრალდება უარყო და თავდაპირველად მან კანდიდატურის მოხსნაზე უარი განაცხადა. 2 დღის წინ კი მან განაცხადა, რომ ის უკან იხევდა და კანდიდატურა მოხსნა.
ცნობისთვის, კანცლერი უნივერსიტეტში ძალაუფლებით მეორე პირია, რომელიც მთლიანად განკარგავს სასწავლო დაწესებულების მრავალმილიონიან ბიუჯეტს. თსუ-ს აკადემიური საბჭო კი შემდეგი წევრებისაგან შედგება: ნანი გაფრინდაშვილი, რამაზ ქურდაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან), გიორგი გოგსაძე, მარიამ გერსამია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან), თენგიზ ცერცვაძე, გიორგი გალდავა (მედიცინის ფაკულტეტიდან), მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სურგულაძე (იურიდიული ფაკულტეტიდან), შოთა სამსონია, როლანდ ომანაძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან), ავთანდილ სილაგაძე, ქეთევან მარშავა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან), ქეთევან ჭკუასელი, თამარ აბაშიძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან).
რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას, ის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსია. თავის დროზე თავადაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომლის რექტორიც ახლაა. 1990-1996 წლებში კი მისი პროფესორი გახდა. 1994-2000 წლებში ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 2000-2001 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე იყო. 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2013 წლიდან დღემდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია.
დავუბრუნდეთ დღეს განვითარებულ მოვლენებს: უნივერსიტეტში სტუდენტები ორ ნაწილად გაიყვნენ – ე.წ. „115-ე აუდიტორიის“ სტუდენტები და თვითმმართველობის წევრები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად. პირველმა ნაწილმა აქციები 7 მარტიდან დაიწყო (ისინი აპრტესტებდნენ „ოდეერის“ უნივერსიტეტში არსებობას, თვითმმართველობის მხრიდან უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას და გიორგი გაფრინდაშვილის კანცლეობის კანდიდატურის მოხსნას), მეორე ნაწილმა(თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები) კი კონტრაქციები 3 დღის წინ დაიწყო, ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ. მიუხედავად ამისა, ორივე მხარეს ერთი საერთო აქვთ – ორივე უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ არსებობას აპროტესტებს.
როგორც „მეტრონომთან“ თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა ის არ მიესალმება „ოდეერის“ და ნებისმიერი სხვა სახის ჩარევას უნივერსიტეტის ავტონომიაში.
„ჩვენ არ მივესალმებით “ოდეერის” და ნებისმიერი სახის ჩარევას უნივერსიტეტის ავტონომიაში. სწორედ ეს პრეტენზია გვაქვს პაპავასთან, რომ სამი წლის განმავლობაში ის მალავდა “ოდეერს” უნივერსიტეტში. ლოგიკურია, რომ უსაფრთოხების 2 ოფიცერზეა საუბარი, ის ფაქტობრივად მთელ ინსტიტუციას მფარველობდა. რექტორი, რომელიც უნდა იყოს ინსტიტუციური წესრიგის გარანტი, ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში აკადემიური საბჭო ჩამოშალა. მან გაალანძღვინა აკადემიური საბჭო სტუდენტობას, რომლებიც ბუნებრივია, აღელვებულები იყვნენ“ – აღნიშნა საბაურმა.
„ოდეერის“ არსებობის გაუმართლებლობაზე საუბრობენ უნივერსიტეტის პროფესორებიც. როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა განაცხადა, ეს საკითხი სიღრმისეულადაა გამოსაძიებელი, რადგან მას კანონმდებლობა არ უშვებს. მისი თქმით, როგორც მას რექტორმა უთხრა, „ოდეერის“ შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც უნივერსიტეტში სიტუაცია დაიძაბა.
„რა თქმა უნდა “ოდეერის” არსებობას უმაღლეს სასწავლებელში არავითარი გამართლება არ აქვს. რადგან რექტორმა თქვა და გვარებიც კი დაასახელა, ცხადია მე ვენდობი რექტორს, რომ ის არსებობს, თუმცა სიღრმისეულად გამოსაძიებელია, რადგან კანონმდებლობა ამას არ უშვებს. იმისათვის, რომ ნებისმიერი საფრთხე იყოს აცილებული არსებობს ადმინისტრაცია და არსებობენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და რა თქმა უნდა არსებობენ ის გარე სამსახურები, რომელთაც ამ საშიშროების აცილება ევალებათ. უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს იმ სამსახურებს, თუკი მსგავსი რამ იქნება. ჩანერგილების სისტემის გამართლება არ შეიძება. რექტორმა ბრძანა, რომ ოდეერების შესახებ ცნობილი მას შემდეგ ხდება, რაც სიტუაცია დაიძაბა, ბატონი ლადო პაპავა უნივერსიტეტის რექტორი 2012 წლიდანაა. ის ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, როგორც კი დაიძაბა სიტუაცია, მაშინვე იჩინა ამ სამსახურის არსებობამ თავი“ – აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, რაც ახლა უნივერსიტეტში ხდება, მარტივი პროცესი არ არის და მიიჩნევს, რომ ვიღაცას ახლა, უნივერსიტეტში სიმშვიდე ხელს არ აძლევს.
„ეს ხელს არ აძლევდა წინა ხელისუფლებასაც და ამიტომ მან 2004-2005 წლებში უნივერსიტეტში ძალიან მძიმე მოქმედებები განახორციელა. გაანახევრა და გაამეოთხედა უნივერსიტეტი, ამით მან უნივერსიტეტის მართვის სადავეები ხელში აიღო. უნივერსიტეტს საზოგადოებაზე ზემოქმედების ძალიან დიდი ძალა აქვს და მან სწორედ ეს ძალა აიღო ხელში. ახლაც, ვფიქრობ, რომ ის ძალა მართავს იმ სტუდენტობას, რომელიც დღეს რექტორის გადადგომას ითხოვს და უნივერსიტეტში უმართავ სიტუაციებს ქმნის” – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა.
თსუ-ს კიდევ ერთი პროფესორი ცირა ბარამიძე „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ოდეერი“ უნივერსიტეტში არსებობს და ისინი ამას არც თავად მალავენ, რადგან ამისთვის უნივერსიტეტში შესაბამისი ნიადაგი არსებობს, მათ შორის პროფესორთა შორის. ის ჩვენთან მათი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევის ფაქტებზე საუბრობს და ამბობს რომ ეს მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის სენატის წევრი და რექტორობის კანდიდატი იყო.
„მე აღარ ვარ სენატის წევრი და როცა ვიყავი ვგრძნობდი, იმიტომ, რომ სენატის რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვერ ვაღწევდი და ერთადერთი წინააღმდეგი ხმა მე ვიყავი ყველა სხდომაზე, ეს აღიქმებოდა ანაქრონიზმად. მათ შორის თვითმმართველობა მხარს არ მიჭერდა, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიმეღო, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო აპოლიტიკური და არ ჰონოდა მას პოლიტიკური სარჩული. ამას მე ვერ მივაღწიე. გამოვედი შემდეგ სენატიდან, მე თვითონ არ ვიყავი ამისთვის მზად. ვერ ვხედავდი რომ სიტუაცია შეიცვლებოდა, მერე თავად მოვთხოვე რექტორს, რომ ეს სამართლებრივი ფორმა შეგვეცვალა. მე ამ ყველაფერში დამნაშავედ მიმაჩნია საბჭოები. ეს საბჭოები არ უნდა არსებობდეს. საკანონმდებლო სისტემაში არის იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს ერთი საბჭო, მოქნილი, რაციონალური და ამ საბჭოს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი. 12 კაცი კი არ უნდა ირჩევდეს რექტორს… იმიტომ, რომ ყველა ვიღაცის მეგობარია, ცოტანი ვართ, არ დამთავრდა ეს საბჭოთა მიდგომა და ვერ დამთავრდება. რატომ შეუძლია გარეშე ძალას უნივერსიტეტის დესტაბილიზაცია? იმიტომ, რომ რექტორის უფლებამოსილება არის შეზღუდული, უნივერსიტეტს ავტონომია არ აქვს. მე მივმართე პრემიერ-მინისტრს, თუმცა ისინი ამისთვის მზად არ არიან “- აღნიშნა „მეტრონომთან“ თსუ-ს პროფესორმა ცირა ბარამიძემ.
იმ პერიოდში, როცა უნივერსიტეტის რექტორმა თსუ-ში ე.წ. „ოდეერის“ არსებობა დაადასტურა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის მათი იქ ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო.
„არის გარკვეული საფრთხეების რისკები, რასაც შეიძლება რიგითი მოქალაქე პირდაპირ ყურადღებას ვერ აქცევს. მაგალითად, თქვენ იცით, ისლამისტური სახელმწიფოს პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის აბსოლუტურად თვალშისაცემია. თქვენ იცით, რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები არიან ახალგაზრდები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს. სამწუხაროდ, არის გარკვეული მცდელობები, რომ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების ე.წ. დავერბოვკება. ამიტომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის მათი იქ ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო. ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს ხვალ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა ისლამისტურ სახელმწიფოში ტერორისტად მებრძლებთან ერთად და ის აღმოჩნდა იმიტომ, რომ მისი “ვერბოვკა” მოხდა თბილისის უნივერსიტეტში. მომთხოვთ თუ არა პასუხს? ხომ მეტყვით, რატომ არ გაატარეთ პრევენციული ღონისძიება? სად იყო უშიშროება? ასე მარტივი არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მის ამ განცხადებას ე.წ. „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტი თორნიკე შევარდნაძე აფასებს და „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის ყველანაირი გამართლება კანონთან შეუსაბამოა.
„ბატონმა ირაკლი სესიაშვილმა ფაქტობრივად სცადა გამართლება იმ ფაქტისა, რომ უნივერსიტეტში არსებობს „ოდეერი“ და აქ კანონთან წინააღმდეგობაში შევიდა. იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული კანონი, სადაც არის ჩამოთვლილი ის უწყებები, რომელშიც შეიძლება „ოდეერი“ კანონიერად იყოს. არის რამდენიმე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტი, როგორიცაა აეროპორტი და ა.შ. სადაც „ოდეერი“ კანონიერად არის. ამ ჩამონათვალში არ შედის უნივერსიტეტი. ყველანაირი გამართლება, იქნება ეს ბატონი სესიაშვილის თუ სხვისი, იქნება კანონთან შეუსაბამო“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ თორნიკე შევარდნაძემ.
მიუხედავად თავად რექტორის განცხადებისა და მის მიერ კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისა, ასევე ჩვენთან საუბრისას უნივერსიტეტის პროფესორების მიერ „ოდერის“ თსუ-ს საქმიანობაში უხეშად ჩარევის მაგალითებისა, უსაფრთოების სამსახურმა უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობა უარყო და ამის შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონით განისაზღვრა სრულიად ახალი და გამჭვირვალე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ე.წ. „ოდეერების” ინსტიტუტისაგან. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად, ახალი ინსტიტუტი ემყარება ნებაყოფლობით საწყისებს.
სამსახურის მიერ შესაბამის სუბიექტში წარმომადგენლის მივლენისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებით, რომლის გაფორმებაზე სამსახურისათვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია თავად დაინტერესებულ სუბიექტს. ამასთან, კონკრეტული სუბიექტების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია მივლენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, განსაზღვრავს არა ერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, არამედ საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ნუსხა არის ყველასათვის ღია, გამჭვირვალე და მოიცავს 25 სუბიექტს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაღალი რისკის შემცველია. ამ ჩამონათვალში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ შედის, შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება ბატონ ივა კავსაძეს, ის სუს-ის თანამშრომელი არ გახლავთ“ – განაცხადეს სუს-ში.
ამის შესახებ განცხადება EMC(ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი)-მაც გააკეთა. მათი თქმით, “ოდეერის” ინსტიტუტი წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურის ხელში არსებულ მექანიზმს, რომლის ბოროტად გამოყენებითაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას და მექანიზმი პოლიტიკური რეჟიმის დაცვის ინსტრუმენტად იქცეს.
„აღნიშული საკითხის გააქტიურება სტუდენტური პროტესტის და მობილიზაციის ფონზე, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ მექანიზმის რეალური დანიშნულება საზოგადოებრივი განწყობების კონტროლი და ძლიერი სოციალური პროტესტისგან პოლიტიკური ხელისუფლების უსაფრთხოების დაცვაა. “ოდეერების” სისტემა არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ზაფხულში სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის დროს, სახელმწიფომ სრულად მაინც არ თქვა უარი ამ მექანიზმზე და გატარებული რეფორმით კვლავაც შეინარჩუნა “ოდეერების” სისტემა, თუმცა სახეცვლილი ფორმით.
მოქმედი კანონმდებლობით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლი, მათ შორის, ამ სამსახურის წარმომადგენლის (ოდეერის) მივლენა დაწესებულებაში, შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში (ასეთები შეიძლება იყოს სამინისტროები, აეროპორტები და ა.შ.). დადგენილებით განსაზღვრულ სიაში მაღალი რისკის მქონე სუბიექტად უნივერსიტეტი არ არის და ვერც იქნება კლასიფიცირებული. ზემოაღნიშნულ რეფორმაზე და საკითხის ახლებურად მოწესრიგებაზე მიუთითებს უსაფრთხოების სამსახურიც თავის ოფიციალურ განცხადებაში. მიუხედავად ამისა, ნათელია რომ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. რამდენადაც კანონით არ მოწესრიგდა საკითხი, როგორ უნდა მომხდარიყო მანამდე სხვადასხვა დაწესებულებაში (მათ შორის უნივერსიტეტებში) შტატის მქონე პირების გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ამავდროულად, „ოდეერების“ ინსტიტუტით სარგებლობის უფლებამოსილება მიენიჭა ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც წარმოადგენს უაღრესად დახურულ და გაუმჭვირვალე ორგანოს და რომლის საქმიანობაზეც გარეშე კონტროლის მექანიზმები უკიდურესად სუსტია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სამსახური არ ასაჯაროვებს საკუთარი თანამშრომლების საშტატო რიცხოვნობასაც კი. ამდენად, პრაქტიკულად შეუძლებელია იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და რომლითაც უარყო “ოდეერის” არსებობა უნივერსისტეტში“ – განაცხადეს EMC-ში.
როგორც „მეტრონომთან“ თსუ-ს პროფესორები აცხადებენ, გარეშე ძალებს უნივერსიტეტში სიმშვიდე არ აწყობთ. პროფესორი ცირა ბარამიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სტუდენტების გახლეჩა აქამდე არასოდეს მომხდარა, ეს კი იმ საკანონმდებლო ვაკუუმმა მოიტანა, რომელიც უმაღლესი განათლების კანონმდებლობაში არსებობს. მის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას არ შეუძლიათ ავტონომიური გადაწყვეტილებების მიღება და სიტუაციის მართვა.
თუმცა, ბარამიძე აბობს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რექტორი უნდა გადადგეს: „პირიქით, კი არ უნდა გადადგეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმ საბჭომ, რომელმაც შეცდომები დაუშვა. ასეთი სიტუაცია მე უნივერსიტეტში კარგა ხანია არ მახსოვს“ – განაცხადა ცირა ბარამიძემ.
როგორც გუშინ განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძისა და სტუდენტების შეხვედრის შედეგად გაირკვა, მოკვლევა უნივერსიტეტში „ოდეერის“ სისტემის არსებობის შესახებ მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი გამოვლიდება, კანონით განსაზღვრული შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული.
ახლა, უნივერსიტეტში შედარებით სიმშვიდეა, საპროტესტო გამოსვლები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, იოლ ფორმებში, დაპირისპირების გარეშე. ფაქტია, რომ სტუდენტების აქციებმა შედეგი გამოიღო, გიორგი გაფრინდაშვილმა კადიდატურა მოხსნა, მოკვლევა „ოდეერის“ ინსტიტუტის შესახებ დაიწყო და მომავლისთვის თვითმმართველობის რეფორმირებაც იგეგმება.
სად არის კანონი? ვინმეს აინტერესებს ამ ქვეყანაში რას ნიშნავს კანონი? რა ხდება კანონით, თუკი „ოდეერი“ მართლაც არსებობს უნივერსიტეტში? კანონი ირღვევა? თუ ირღვევა, ვინ უნდა აგოს პასუხი?
როგორც ჩვენთან საუბრისას იურისტმა და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, ეს ყველაფერი უნივერსიტეტში კანონდარღვევით ხდება და ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
„ეს ყველაფერი კანონის დარღვევით ხდება, ეს სამწუხაროდ იმ ტენდენციის გაგრძელებაა რა მიმართულებითაც სურს, რომ ქვეყანა წაიყვანოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს არის კურსი ავტორიტარული რეჟიმისკენ, სადაც მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს აბსოლუტური კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე განახორციელოს, მათ შორის ისეთ ინსტიტუციებზე, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დამოუკიდებლობას პოლიტიკური გავლენებისგან. ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ ავტორიტარული, საბჭოური, ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებისკენ. ასეთი იყო საბჭოთა წყობილება და ასეთია ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, იგივე ტენდენციას აგრძელებს „ოდეერის“ არსებობა სხვადასხვა უწყებებში. „ქართული ოცნება“ ცდილობს დაიქვემდებაროს სხვადასხვა ინსტიტუცები, ასევე კონკრეტული დაწესებულებები და მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებიც“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ „მეტრონომთან“.
მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველ ძალას და განათლების სამინისტროს ეკისრება.
„ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ ძალას. იმ უწყების ხელმძღვანელობას არ ეყო პრინციპულობა, მაგრამ პრინციპულობა ეყო იმ სტუდენტობას, რომელმაც პროტესტი გამოხატეს და ასეთი პიროვნების კანცლერად დანიშვნას წინ აღუდგნენ. მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ სწორი პოზიცია დაიჭირა ამ პროტესტის მიმართ უნივესიტეტის რექტორმა, ანუ მან არ განახორციელა რაიმე რეპრესიული ღონისძიებები სტუდენტთა მიმართ. ის დიალოგით ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას. ეს ალბათ არ ესიამოვნა „ქართულ ოცნებას“ და გადაწყვიტეს, რომ ლადო პაპავა არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ის არ აღმოჩნდა მათ სრულ მორჩილებაში მყოფი რექტორი და გადაწყვიტეს მისი ჩამოშორება. აქ უკვე სტუდენტური თვითმმართველობა ჩაერთო. ალბათ მათი ძირითადი ნაწილი ისევ ამ სპეცსამსახურებიდან იმართება, მათი კონტროლი და მათთან კოორდინაციით დაიწყეს პაპავას გადაყენების მოთხოვნა, მაშინ როდესაც მათ მოთხოვნას ვერანაირ ლოგიკურ მიზეზს ვერ უძებნიან“ – აღნიშნა შავგულიძემ.
მისი თქმით, უნივერსიტეტში „ოდეეერის“ არსებობის ფაქტი დარღვევაა, მაგრამ კანონმდებლობაში რაიმე კონკრეტული მუხლი არ არის.
„სამსახურში ის მიიღო ამ უწყების ხელმძღვანელმა, ის ადამიანი თავს გაიმართლებს და იტყვის, რომ მე ის არ მიმიღია, როგორც სპეცსამსახურის წარმომადგენელი, მე ის მივიღე რაღაც კონკრეტულ თანამდებობაზე, რასაც ის ფორმალურად იკავებს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის მინისტრზე, იმ პოლიტიკურ გუნდზე, რომელიც ცდლობს ასეთი პოლიციური სახელმწიფო შექმნას“ – განაცხადა შავგულიძემ.
როგორც ის ამბობს, არ უნდა დათმონ პოზიცია იმ სტუდენტებმა, რომლებმაც საკითხი უსაფრთხოების სამსახურის უნივერსიტეტში არსებობის შესახებ დააყენეს. ხოლო მეორე ნაწილს, თვითმმართველობის სტუდენტებს ის ურჩევს, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, დაფიქრდნენ, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და გათავისუფლდნენ გავლენებისგან.
აღასანიშნავია, რომ დღეს, „ნუ გაისუსები“, ამ სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. კამპანიის მონაწილეების განცხადებით ე.წ. „ოდეერების“ სისტემა კვლავ მოქმედებს, არამარტო, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, არამედ მთლიანად განათლების სისტემაში.
ხელისუფლებაში, „ოდეერის“ არსებობა-არარსებობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა, ვიღაცამ არ იცის, ვიღაცამ იცის… უცნაურია, მაგრამ მაგალითად, განათლების მინისტრმა, რომელიც მთავრობის წევრია, არ იცის არსებობს თუ არა მის სისტემაში მივლენილი „ოდეერი“. სუსი უარყოფს, ხოლო რექტორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი არ მალავს, რომ უნივერსიტეტში ჩანერგილი პერსონა არსებობს. უფრო მეტიც, მისი თქმით, ის საჭიროა იყოს, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას პრევენციული მოქმედებების საარგუმენტოდ დასჭირდება მომავალში. მოკლედ რომ ვთქვათ, შორიდან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში მთლად კარგად ვერაა საქმე…
ნინო ცხადაია