შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან გადაადგილება აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გეოლოგებმა დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერეს. ჯერჯერობით არ იგეგმება მონასტრიდან სასულიერო პირების ევაკუაცია, რადგან სპეციალისტების განმარტებით, ამის საჭიროება არ დგას:
“დაცლის აუცილეობლობა ამ ეტაზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გრაკევული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები, – ამბობს სპეციალისტი.
ცოტა ხანში მონასტრის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა გამოჩნდება, რათა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.
როგორც გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.
„აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა, ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნული კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი“, – განაცხადა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.