ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ახალი წესი – სად დაბანდდება მოქალაქეთა დაგროვებული თანხები სექტემბრიდან

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.

ცნობილია, რომ საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება. ამ დრომდე დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განაწილებული.

ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ექვსი სექტემბრიდან მოქალაქეების კუთვნილი თანხები მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში განაწილდება. ის დასაქმებულები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ასაკის შესაბამისად, ავტომატურად განაწილდებიან, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს, საინვესტიციო კატეგორიების შეცვლის უფლება წელიწადში ერთხელ ექნებათ.

„ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, მონაწილე, რომელიც იყო ბოლო 5 წელი იყო ინვესტირებული სტაბილურ პორტფელში, მას მიეცა არჩევნის საშუალება. მაღალრისკიანი პორტფელი არის ის, რომ მონაწილეების ინვესტიცია არ მოხდება რისკიან საქმეებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა, ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი და ა.შ ის, რომ რამე დაიკარგება ეს არის მცდარი ინფორმაცია,“ – განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.

არსებული ინფორმაციით, მილიონ ოთხასი ათასი მოქალაქიდან მხოლოდ ხუთი ათასმა ადამიანმა მისცა საპენსიო სააგენტოს მითითება, სად წაიღონ მათი ფული.

მოქალაქეთა ასეთი მცირე მაჩვენებლიდან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: არსებობს თუ არა საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკი?

გოგა მელიქიძის თქმით, დანაზოგებს დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

„მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, არამც და არამც. გამოვიტანეთ ის პოტენციური სტრატეგიული პორტფელი, რასაც ნიშნავს მზარდი პორტფელი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი, რომ ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი – ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება, მაგრამ ის, რომ დავუკარგავთ დანაზოგს, ეს ასე არ არის, მცდარი ინფორმაციაა.
ნამდვილად არ ემუქრება დაკარგვა ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ.
ეს არ არის საპენსიო სააგენტოს მოგონილი, ან კიდევ ჩვენი კანონის „ნოუ ჰაუ“, ასე მუშაობს მსოფლიოში ნებისმიერი საპენსიო ფონდი. პასუხისმგებლობის ნაწილში არაფერი არ იცვლება, არცერთი პასუხისმგებლობა არ გადადის მონაწილეზე, როგორც აქამდე ჩვენ ვმართავდით ამ თანხას და ვიყავით პასუხისმგებელი კანონით, ეს იგივე რჩება, მონაწილეს მიეცა მეტი არჩევანის უფლება,“ – აღნიშნა მან.

იტვირთბა....