2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ცოტა მეტი დრო რჩება. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ ამ შემოდგომიდან პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას დაიწყებენ.
შეიძლება ითქვას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, საკუთარი პროპაგანდისტული ხაზი გამართული აქვს. ის ძირითად აქცენტს რუსეთთან მიმართებით „მშვიდობის“ პოლიტიკასა“ და ქართველი ოპოზიციის ლიდერების რადიკალებად, რუსეთთან ომის მსურველებად წარმოჩენაზე აკეთებს.
ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის თავზეც კი „ქართული ოცნების“ მთავარი სალაპარაკო თემა წინამორბედი გუნდი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის შედეგებზე ხაზგასმაა. ამას აქვს თავისი გარკვეული ლოგიკაც, იმიტომ რომ ელექტორატის თვალსაზრისით, ენმ დღემდე რჩება უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიად.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა ხმას პერსონალურად საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აძლევს. სააკაშვილი კი ამ დრომდე პატიმრობაშია და ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, მისი გათავისუფლება ძნელად წარმოსადგენია. თუმცა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივა მედიდან“ წერილს წერილზე გზავნის და საზოგადოებას ერთიანობისა და ბიძინა ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებს.
სააკაშვილის პატიმრობა არ არის საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საზოგადოებას აერთიანებს, არამედ პირიქით – ჰყოფს. ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში არის არც ისე ცოტა ნაწილი, რომელსაც ექსპრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არ მოსწონს და არც ხმას აძლევს თუნდაც ივანიშვილის წინააღმდეგ. მისი პარტია, „ნაციონალური მოძრობა“, ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი უფროა, ვიდრე პირიქით.
მაშინ, ამ მოცემულობაში, რა პოლიტიკური ბერკეტი აქვს სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხებისათვის?
ვფიქრობ, მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაციის გამოცხადება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი „ქართული ოცნების“ დამარცხების გზაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ჰაერივით სჭირდება.
სააკაშვილის მიერ პარტიის ლიკვიდაციას რამდენიმე ძირეული მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს.
უპირველესად, ეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებია.
პარტია, ფაქტობრივად, ორად არის გახლეჩილი. ერთი ფლანგი ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკას მელიას ემხრობა, ხოლო მეორე ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ მენეჯმენტს (თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს) უჭერს მხარს.
მელია და მისი თანამოაზრეები ღიად საუბრობენ, რომ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის უკან შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი დგანან და ენმ-ს რეალურად ისინი მართავენ, ხოლო ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მარცხს ვერ შეეგუა.
სააკაშვილი თავისი ფრთხილი და ზოგადი პოზიციით თითქოს ცდილობს, რომ ამ ორ დაპირისპირებულ ფლანგს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაამწვავოს და მათ ერთიანობისკენ მოუწოდებს, თუმცა ამ მხარეების შეთანხმება, შერიგება ძალიან რთულად წარმოსადგენია. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც კატეგორიულად მიუღებელია.
მოკლედ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ ენმ მთლიანად დემორალიზდა. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია კატასტროფულ პოლიტიკურ ფორმაშია და არც გაუმჯობესების პერსპექტივას უჩანს პირი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ სახეებს კი, ვისაც ამის რესურსი აქვს, ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განაგრძონ პოლიტიკური ცხოვრება.
ამასთან, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ამომრჩეველმა, რომელიც პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს ან/და მის პარტიას აძლევს ხმას, ენმ-ს დაშლის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს მხარი. ლოგიკურად, ისინი პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს შემოხაზავენ.
არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაციის გამართლების კიდევ უფრო დიდი ფაქტორი. ეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზის მთავარი მესიჯბოქსია, რომლის მიხედვითაც, თუკი წააგებს „ოცნება“, მთელ ძალაუფლებას ხელში „ნაცმოძრაობა“ ჩაიგდებს და ქვეყანაში უბედურებას დაატრიალებს. უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველში ეს მესიჯბოქსი ამ დრომდე მუშაობს.
„ქართული ოცნება“ „ნაცად“ ნათლავს ყველას, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი. „ოცნება“ ამ აზრის დამკვიდრებაში უამრავ რესურსს ხარჯავს. ამ ფონზე, ელექტორალური თვალსაზისით, მცირე ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკურ ველზე, ამომრჩეველში, თავის განსხვავებულად, თავისთავადად წარმოჩენა და დამკვიდრება უჭირთ.
ვფიქრობ, თუკი სააკაშვილი ენმ-ს გააუქმებს, ის „ქართული ოცნების“ მთავარ მესიჯბოქსს მთლიანად ჩამოშლის.
ამდენად, ამ ფორმაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაციით საქართველოში შიდაპოლიტიკური ველი, განსაკუთრებით ოპოზიციური, ცოტათი მაინც უკეთესი გახდება.
ამრიგად, ენმ-ს ამჟამინდელი მდგომარეობა ცვლილებს ხელს უშლის (უამრავი ამომრჩევლისთვის ის ბოლო მოვლენებამდე ისედაც იყო ხელისუფლების ვერშეცვლის მთავარი ფაქტორი), ამიტომ მესამე პრეზიდენტი თავისი პარტიი გაუქმებით დიდ პოლიტიკურ ქველმოქმედებას გაწევს.
საფიქრებელია, რომ ამ ნაბიჯს საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, მხარდამჭერები) სააკაშვილს დანებებად ჩაუთვლის, თუმცა ექსპრეზიდენტს ამ შემთხვევაშიც, ოღონდ დამოუკიდებლად, შეუძლია განაგრძოს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
როგორც არ უნდა იყოს, ის საქართველოს ყოფილი მთავარსარდალი და ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი პატიმარი პრეზიდენტია და ეს ფაქტი, ისევე როგორც მისი სიტყვა, ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი და გარკვეული გავლენის მატარებელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის. თანაც, სააკაშვილი დღემდე რჩება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირად. მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხების გზაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მთავარი იმედი, ქართული საზოგადოების გაერთიანებასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვებაა, თუმცა არავინ იცის, ეს ომი რამდენ ხანს გაგრძელდება.
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება (ენმ-ს ლიკვიდაცია) და მისი შესაძლო შედეგები, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტური ხასიათისაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პოზიცია ქართულ საზოგადოებაში არსებობს.
დავამთავროთ იმით, რითაც დავიწყეთ – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ცოტა მეტი რჩება. ეს არც ისე ცოტა დროა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
საინტერესოა, როგორ კონფიგურაციას მიიღებს ამომრჩეველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის და შეძლებს თუ არა ოპოზიცია და, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ რეალური, მყარი ალტერნატივა შესთავაზოს.
ავტორი: ირაკლი რობაქიძე