კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევის შემდეგ 5 კომპანია საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო დააჯარიმა.
მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერმინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო:
“კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა – შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია – ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობითვე, დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია.