სოფელ გლოლაში სოფო ბაკურიძისა და გენადი სულთანიშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. მათ გლოლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე ოჯახის მეგობრები და ადგილობრივები მიაცილებენ.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ბევრი ჩვენი სოფლელი დაიღუპა, ალბათ, ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება ეს ტრაგედია. საშინელი ხმა იყო, ზოგს ვერტმფრენი ეგონა, ზოგჯერ შოვთან მიწა ჩამოდის და ზოგს ეგ ეგონა,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ძალიან კარგი პედაგოგი იყო, უყვარდა თავის საქმე, ბავშვები, ძალიან დაგვაკლდება, იმიტომ, რომ ძალიან კეთილი კაცი იყო, გამგები იყო ბავშვებთან მიმართებაში, გულით და სულით ვუყვარდით თითოეული ბავშვი,“ – ამბობს გენადი სულთანიშვილის მოსწავლე.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 25 ცხედარი, დაკარგულად მიიჩნევა 8 ადამიანი, მათი პოვნის მიზნით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.