საქართველოს საპატრიარქო, მას შემდეგ, რაც დეკანოზ დავით ისაკაძის ნათქვამთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, ახლა მორიგ მიმართვას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქო წერს, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ასევე, მასშტაბურ სტიქიასთან დაკავშირებით პირველიერარქის შეფასების შემდეგ სასულიერო პირებისგან განსხვავებული დასკვნის გაკეთებას საჯარო სივრცეში სუბორდინაციის დარღვევად აფასებს:
“ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.
ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, შოვის ტრაგედიის შემდეგ დეკანოზმა დავით ისაკაძემ მომხდარი გასულ წელს მუსიკალური ფესტივალის ჩატარების გამო ღვთის სასჯელს დაუკავშირა. რამდენიმე დღეში საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და დეკანოზის ნათქვამს გაემიჯნა.