ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაკავებული, კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე ვარაუდობს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის შვილს, ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში იყო დაკავებული:
“პირადად შევხვდი ჯამალაშვილს. ის ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე, პროკურატურის მტკიცებულებები არ ვიცი. მე მხოლოდ ბრალი გადმომეცა. ედავებიან, რომ მას ჰქონდა “ფლეშკაზე” ვიდეოები, რომელიც სხვას გადასცა. ადრე ჰქონდა მის შვილს ბრალი წარდგენილი, შესაძლებელია, რომ მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა, ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ ჰქონდა წვდომა ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. როგორც გახსოვთ ე.წ. ვირუსის შექმნაზე იყო დაკავებული”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
შეგახსნებეთ, პროკურატურამ პირადი ცხოვრების კადრების შენახვის ბრალდებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე ოფიციალურად ბრალდებულად ცნო.
ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში, კიბერდანაშაულისთვის, კომპიუტერში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.