საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა, იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა,” – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ანკარაში ტერორისტული აქტი დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 30-ზე მეტი და დაშავებულია 130 ადამიანი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფომრაციის მიხედვით, პოლიციის ვერსიით, დანაღმული მანქანა ორ ავტობუსს შორის აფეთქდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს გიუვენ პარკი, ასევე განტავსებულია ბაზრობა, ავტოსადგომი და სამთავრობო შენობები.
უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის ქართველები. თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ნომერზე: +905336903040.