ახალი ამბები საზოგადოება

რას ნიშნავს მიტევების დღე

ნაწყვეტი მიტევების დღესთან დაკავშირებული პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან:

„დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევების კვირა ეწოდება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთია. დღევანდელ დღეს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე უფრო ღრმად იხედება თავის სულში, უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებსა და ნაკლს და შესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს მას ზედა და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს, რათა სულიერად განიწმინდოს. ეს დღე წინა დღეა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.

მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ას გულისტკივილი არ მიეყენებინოს. წმიდა პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა. მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს. ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ. შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს“.

იტვირთბა....