განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თსუ-ში იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ. მინისტრი სტუდენტებს მიმდინარე პროცესის დარეგულირებასა და მათი პროტესტის შინაარსის საპარლამენტო დონეზე გამოძიებას დაჰპირდა.
სტუდენტებმა მინისტრთან შეხვედრა “რუსთავი 2”-ის ეთერში უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მინისტრის პოზიცია ბუნდოვანი იყო. მათ იქვე ბოიკოტი გამოუცხადეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, რადგან მიიჩნიეს, რომ მისი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, თავისი განცხადებებით, სოციალურ ქსელში, სტუდენტების პროტესტში პოლიტიკური აქცენტების გატარებას ცდილობს და მათ პარტიულ იარლიყს აკრავს. სტუდენტებმა გვარამიასგან ბოდიში მოითხოვეს.
სტუდენტები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის. მათ ასევე ორი მოთხოვნა აქვთ: სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება და საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც საქმეს გამოიძებს.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ში აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები უკვე მეოთხე დღეა ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურიდან მოხსნას, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობას, თვითმმართველობის რეფორმას და ა.შ. რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილს, მან გუშინ განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში კანდიდატურას არ მოხსნიდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ორშაბათს გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას მიმართა, რომ კანცლერობის კანდიდატურა მოეხსნა.