ახალი ამბები მთავარი

განათლების მინისტრი სტუდენტებს ხვდება: “იმედია ნერვები არავის უმტყუნებს”

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თსუ-ში იმ სტუდენტებს ხვდება, რომლებიც თსუ-ს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ.  შეხვედრის დაწყებამდე სტუდენტებმა მინისტრს ჰკითხეს, აქამდე რატომ არ შეხვდა მათ. სტუდენტების განცხადებით, სასწავლო პროცესის დასაწყისში, მინისტრმა სტუდენტებს ზურგი აქცია. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუდენტებს უპასუხა, რომ არასდროს არ ჰქონდა პრობლემა მათ  შეხვედროდა.

თსუ-ს რექტორი, ლადო პაპავა კი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როდესაც უნივერსიტეტში ხდება ის, რაც დღეს ხდება, განათლების მინისტრის დაინტერესება, ბუნებრივია. იქვე ლადო პაპავა  განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას უნივერსიტეტის მმართველობით ორგანოსთან დაკავშირებით გაუგებრობას უწოდებს:

“ძალიან კარგს აკეთებს, რომ მოდის განათლების მინისტრი, ჩვენ ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ეტყობა რაღაც გაუგებრობა იყო, ის განცხადება, რაც მოვისმინე. იმედი, მაქვს, რომ ნერვები არავის უღალატებს. ვგულისხმობ უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არაეფექტიან საქმიანობაზე გაკეთებულ განცხადებას. ეს არის გაუგებრობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა”, – განაცხადა პაპავამ.

განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო არჩევნები წესით და კანონით ჩაეტარებინა:

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ პროცესებს რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მაქვს მუდმივი კომუნიკაცია უნივერსიტეტის რექტორთან. მე მას არაერთხელ დავუდასტურე ჩემი შეშფოთება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია უნივერსიტეტში მსგავსი პროცესების წარმართვა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, მმართველობის და რექტორის ფუნქციაა, რომ ყველა პრობლემა მოაგვარონ, განსაკუთრებით ის, რაც სტუდენტებს და მათ დასმულ შეკითხვებს შეეხება. უნივერსიტეტმა პრაქტიკულად ისიც ვერ უზრუნველყო რომ არჩევნები წესით და კანონით როგორც არის ისე ჩაეტარებინა. ეს შემაშფოთებელი და ნეგატივის მომტანია. ასეთი რამ არცერთ უნივერსიტეტში არ ხდება. ყოველი დღე და საათი ძვირფასია და ეს პრობლემა მალე უნდა გადაიჭრას.

პრემიერმა ძალიან ნათლად თქვა, რომ უნივერსიტეტი არის სწორედ ავტონომიური დაწესებულება და არავინ არასდროს უნდა სცადოს, რომ ამაში ჩაერიოს. ზუსტად ამიტომაც, გვერდიდან ვადევნებთ თვალს და ჩართული ვართ იმ კომუნიკაციაში, რომლის ფარგლებშიც შევეცდებით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვითამაშოთ მედიატორის როლი. ეს საკითხები რაც ახლა ისმევა, არის წმინდა ადმინისტრაციული საკითხები. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში წესების დაცვით ჩატარდა და ვერ წამომიდგენია, რატომ უნდა ამტყდარიყო ასეთი ამბავი კანცლერის არჩევნებზე”. – განაცხადა განათლების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა თსუ-ში აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები უკვე მეორე დღეა ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურიდან მოხსნას, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობას, თვითმმართველობის რეფორმას და ა.შ. რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილს, მან გუშინ განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში კანდიდატურას არ მოხსნიდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ორშაბათს გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას მიმართა, რომ კანცლერობის კანდიდატურა მოეხსნა.

იტვირთბა....