რუსული სამშენებლო ტექნიკა გორის რაიონში სოფელ ჯარიაშენში გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გზა გაყავთ. როგორც კურიერისთვის გახდა ცნობილი, ახალი გზის მშენებლობა უკვე სამი დღეა მიმდინარეობს და ის ადგილობრივების ბაღებსა და სახნავ-სათეს მიწებზე გადის, რომელიც სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებლებმა 2 წლის წინ მცოცავი ოკუპაციის დროს დაკარგეს.
მთა-გორიანი ზედაპირისა და გამწვანების ადგილების გასწორება რუსული სამშენებლო ტექნიკით უკვე განხორციელებულია.
როგორც კურიერის ჟურნალისტს ახალუბნის მუნიციპალიტეტის რწმუნებულმა დავით ტატიშვილმა განუცხადა, ოკუპანტებს სამუშაოების დროს ადგილობრივებთან კონფლიქტი არ მოსვლიათ. ისინი მოსახლეობას გაესაუბრნენ და დაუდასტურეს, რომ გზის გაყვანის მიზნით სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივ ხელისუფლებასა და მცხოვრებლებს ინფორმაციას ახალი გზის დანიშნულების შესახებ არა აქვთ.
rustavi2