პროკურატურაში ჟურნალისტები მაკა რაზმაძე და ნინო ჯღარკავა დაიბარეს. სამართალდამცავი უწყება დაინტერესდა მათ მიერ, გუშინ, სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, რომ ყალბი სახელითა და გვარით უცნობმა პირმა მათ ფეისბუკის პირად მიმოწერაში ბმული მიაწოდა, რომელზეც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა იყო განთავსებული.
როგორც ჟურნალისტებმა პროკურატურაში შესვლის წინ განაცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეისწავლა მათი ფეისბუკ გვერდები, რის შემდეგაც მოხდა მათი დაბარება. ჯღარკავასა და რაზმაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ დაუკავშირდებოდნენ პროკურატურიდან, ისინი თავადაც გეგმავდნენ ამ თემაზე მიემართათ სამართალდამცავი უწყებისთვის.
„ჩემს გვერდზე კომენტარებში დამიდეს და დაწერეს, რომ ეს ნახეო. პირადი ცხოვრება, არა აქვს მნიშვნელობა რუსთავი 2-ს ეხება, ნინო ჯღარკავას, ოპოზიციას თუ პრემიერს ეხება, მე ვამბობ, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, უნდა დავივიწყოთ რა იყო წარსულში და შევეწინააღმდეგოთ ყველა ერთად და დამთავრდეს ეს ერთხელ და სამუდამოდ,“ – განაცხადა ნინო ჯღარკავამ.