ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულელი მაღაროელი სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდა

თსუ-ს სტუდენტებმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათენეს. ერთ-ერთი სტუდენტი და აქციის ორგანიზატორი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ ტყიბულის საგაფიცვო კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.
“05:27 საათია. 115-ე აუდიტორიაში სტუდენტთა საერთაშორისო ჰიმნის მელოდიაც ჟღერს.
გათენებიდან აქციის მონაწილეები თქვენს სოლიდარობას ელოდებიან. 15:00 დან დაიწყება მოქმედების სტრატეგიის განხილვა. აქტივისტები თქვენს რჩევებს სიამოვნებით მოუსმენენ.
კვირისთვის მზადდება უფასო მუსიკალური აქცია ეზოში.
ორშაბათს კი მასობრივ მობილიზაციას ვაცხადებთ.
უბედნიერესი ვარ, კინაღამ გული გამისკდა, როდესაც უნივერსიტეტში საგანგებოდ მოსული რკინიგზელები ვნახე. სიტყვებიც არ მყოფნის შევაფასო თუ რას ნიშნავდა ჩემთვის პირველ კორპუსში ტყიბულის საგაფიცვო კომიტეტი წევრთა ნახვა … ორი მოპაექრე სასწავლებლის წარმომადგენლები დღეს ერთად სკანდირებდნენ, რომ სოლიდარობა კონკურენციაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
ეს საქართველოა, სხვანაირი საქართველო”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა თსუ-ში აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები უკვე მეორე დღეა ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურიდან მოხსნას, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობას, თვითმმართველობის რეფორმას და ა.შ. რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილს, მან გუშინ განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში კანდიდატურას არ მოხსნიდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ორშაბათს გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას მიმართა, რომ კანცლერობის კანდიდატურა მოეხსნა. უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ, პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელმაც სტუდენტებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო – ის გმობს უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობას, და ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელთანაც საუბარზე აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. სტუდენტებს სოლიდარობა ილიას უნივერსიტეტის ლექტორებმაც გამოუცხადეს.

იტვირთბა....